პელე- ოცნება მფრინავობაზე და უსწრაფესი კარიერა ფეხბურთში
პელეს სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში და ის სამუდამოდ დარჩება მილიონობით ადამიანის გულში.
ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ (პელეს ნამდვილი სახელი) უფროსი ვაჟი იყო და მის გარდა ოჯახში კიდევ 3 ბავშვი იზრდებოდა. მამა წარსულში ფეხბურთელი იყო, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო, სპორტული კარიერა ვერ გააგრძელა. ის საავადმყოფოში სანიტრად მუშაობდა, ხოლო დედა, დიასახლისი იყო.
ედსონი ბავშვობაში ფეხბურთელობაზე საერთოდ არ ფიქრობდა, მფრინავი უნდოდა გამოსულიყო, რომ მსოფლიოზე ზემოდან ყურების საშუალება ჰქონოდა. მეუღლის ტრავმის შემდეგ, არც დედას სურდა, რომ მისი შვილი ფეხბურთელი გამხდარიყო. შემდგომში, როდესაც ედსონი მაინც დაკავდა სპორტის ამ სახეობით, მას შვილის მონაწილეობით, არც სკოლის წლებში და არც დიდ ფეხბურთში, არცერთი მატჩი არ უნახავს.
ედსონმა ფეხბურთის თამაში დაწყებით სკოლაში დაიწყო და თან ისე ოსტატურად თამაშობდა, რომ ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და საუკეთესო ფეხბურთელის სახელი. თანატოლები გაკვირვებით ადევნებდნენ თვალს მის მიერ ჩატარებულ ილეთებს, მის უსწრაფეს მოძრაობას მოედანზე და ულამაზეს გოლებს, რომელიც მეტოქის კარში გაჰქონდა.
სწორედ სკოლის წლებში მიიღო მან მეტსახელი – პელე, რომლითაც შემდგომში სახელი გაითქვა. მოგვიანებით, ის თავის ავტობიოგრაფიაში დაწერს, რომ არ იცოდა, ეს სახელი ვინ და რატომ დაარქვა, პორტუგალიურ ენაში ხომ ასეთი სიტყვაც არ არის… თუმცა, წლების შემდეგ, ფეხბურთელმა შეიტყო, რომ ივრითზე, პელე – «საოცრებას» ნიშნავს.
პელეს ოჯახი ძალიან ღარიბი იყო, ამიტომ ბიჭმა ფულის ყადრი ბავშვობის ასაკიდან იცოდა. ის ქუჩაში გამვლელებს ფეხსაცმელს უპრიალებდა, მუშაობდა მიმტანად, ხოლო, თავისუფალ დროს, მამასთან ფეხბურთში ვარჯიშობდა. ბურთის მაგივრობას კი, მას ძაფებით გამოტენილი წინდა, ან თუნდაც, დიდი გრეიპფრუტი უწევდა. ხოლო თუ სკოლაში ხელში ბურთი ჩაუვარდებოდა, ნამდვილი სასწაულების დემონსტრირებას ახდენდა.
მის მწვრთნელს, ვალდემარ დე ბრიტოს, არ შეეძლო ასეთი ნიჭიერი ბავშვის ყურადღების მიღმა დატოვება და თავისი აღსაზრდელი, თავადვე მიიყვანა «სანტოსის» კლუბში. თან განაცხადა, რომ ეს ბიჭი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა და ბრაზილიას ასახელებდა. რა თქმა უნდა, შემოწმების შემდეგ პელე კლუბში მიიღეს და მასთან გრძელვადიანი კონტრაქტიც გააფორმეს.
მე–16 დაბადების დღემდე, ერთი თვით ადრე, პელე პირველად გამოვიდა მოედანზე და ოფიციალურ მატჩში, პირველი გოლიც გაიტანა. ჯერ 17 წლის არ იყო, რომ ქვეყნის ნაკრებში შეიყვანეს და სულ მალე, მსოფლიო ჩემპიონატზეც აღმოჩნდა. საფეხბურთო კარიერის მანძილზე, პელემ 4 მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და სამჯერ გახდა ჩემპიონი. მისი ოცნება, ცასთან დაკავშირებით, არ ახდა. სამაგიეროდ, ახდა მეორე სურვილი: მან შეძლო ოჯახი სიღარიბიდან გამოეყვანა.
ცნობილი ფეხბურთელით, მთელი ქვეყანა ამაყობდა… პელეს სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში და ის სამუდამოდ დარჩება მილიონობით ადამიანის გულში. სამწუხაროდ, სიცოცხლის ბოლო წელს, სპორტსმენი ძალიან ავად იყო. 2021 წლის შემოდგომაზე, მას ნაწლავების ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. წარმატებული ოპერაცია, რომელსაც ქიმიოთერაპია მოჰყვა, გამოჯანმრთელების კარგ შანსს იძლეოდა. მაგრამ, 2022 წლის დასაწყისში, მკურნალობის კურსის გამეორება გახდა საჭირო.
სამწუხაროდ, პელეს ორგანიზმმა წამლებზე და პროცედურებზე რეაგირება შეწყვიტა… გამოჯანმრთელების იმედი აღარ იყო და ექიმებს მისთვის მხოლოდ ტკივილის შემსუბუქება შეეძლოთ. ხოლო წასვლამდე ცოტა ხნით ადრე, დიდი ფეხბურთელის პალატაში, მისი ყველა ახლობელი შეიკრიბა, რომ მათთვის ძვირფას ადამიანს დამშვიდობებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა…
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 29 დეკემბერს უდიდესი ფეხბურთელი – პელე გარდაიცვალა. ის იყო ნამდვილი ლეგენდა და საკულტო პიროვნება არა მხოლოდ ბრაზილიის, არამედ მსოფლიო ფეხბურთისთვის.
ლელა დევდარიანი