მასობრივი ძალადობის პირველი შემთხვევა საქართველოში – მკვლელობა საგარეჯოში

19-20 იანვრის ღამით საგარეჯოში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, ყოფილმა სამხედრომ, 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც კორპუსის ეზოში იმ დროისთვის მყოფი 5 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 5 – დაიჭრა.

ათუაშვილი უმისამართო სროლას საცხოვრებელი ბინის ორივე აივნიდან მონაცვლეობით ახორციელებდა. მოკლულთა შორის ერთი სამართალდამცველი ოთარ ღვინაშვილია – შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი.

ოთარ ღვინაშვილი შემთხვევის ადგილზე სროლის შესახებ მიღებული გამოძახების საფუძველზე, კოლეგასთან ერთად გამოცხადდა, მაღაზიის კონსულტანტს გადაეფარა და ნასროლი ტყვია გულში მოხვდა. ოთარ ღვინაშვილმა ადამიანის სიცოცხლე იხსნა, თუმცა, თავად სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

ცნობილია დანარჩენ გარდაცვლილთა ვინაობაც – დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, ზაქრო მათიაშვილი და ნოდარ რჩეულიშვილი საგარეჯოს მკვიდრნი არიან, რომლებიც იმ დროისთვის ეზოში იმყოფებოდნენ. გარდაცვლილი ზაქრო მათიაშვილი საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისე იყო.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან სროლის დროს ადგილზე სხვა ადამიანებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც მკვლელს სადარბაზოში შეასწრეს და გადარჩნენ.

შემთხვევის ადგილზე მყოფი მოქალაქე, ირაკლი ლიპარტელიანი გუშინდელ ღამეზე სოციალურ ქსელში წერს:

“საუბედუროდ, ასე მოხდა. გაგვიხსნა მოულოდნელად ცეცხლი, რის გამოც დატრიალდა ეს უბედურება. ვინც შევასწარით კი გადავრჩით, მაგრამ საუკეთესო ბიჭები ადგილზე ჩაგვიხოცა”.

აღსანიშნავია, რომ პოლიცია თავდამსხმელის ვაჟს კითხავს, რომელიც ამ საქმის ოქროს მოწმეა. შემთხვევის დროს, ის თავდამსხმელთან ერთად, სახლში იმყოფებოდა, თუმცა, გაქცევა მოახერხა.

მეზობლების ვარაუდით, მამა-შვილს ერთმანეთთან კონფლიქტი მოუვიდათ, შვილი სახლიდან გაიქცა, ნოდარ ათუაშვილმა კი სროლა მისი მიმართულებით განახორციელა. მათივე ინფორმაციით, გვიან ღამით ნოდარ ათუაშვილის ხმამაღალი საუბარი ესმოდათ, რომელიც შვილს ემუქრებოდა, რის შემდეგაც ბინის ორივე აივანზე მონაცვლეობით გადიოდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა.

“ღამის პირველი საათიდან დაიწყო სროლა, ისმოდა სხვადასხვა მხრიდან, მერე უკვე ისმოდა შუა სადარბაზოს ზევითა სართულიდან, ისმოდა ხმაურიც. აქ იყო მერე სპეცრაზმი და ბოლოს ხმა აღარ ჰგავდა ავტომატის ხმას, იყო რაღაც აფეთქების ხმა. არაფერს ითხოვდა, არაფერს ყვიროდა, ყველას ესროდა. ინფორმაცია მაქვს, რომ შვილს ემუქრებოდა და შვილმა რომ მოახერხა გაქცევა, გააფრთხილა ხალხი, რომ ფრთხილად იყავით, არ ახვიდეთო, ისვრისო…, – ამბობს მეზობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას, საქართველოს პრეზიდენტი და უმაღლესი ორგანოების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

სალომე ზურაბიშვილი საგარეჯოში მომხდარი ფაქტის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს, უსამძიმრებს:

“ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ღირსეული პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, საქართველოსთვის სამსახურს. თავდასხმის შედეგად დაჭრილებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”.

დაღუპულთა ოჯახებს სოციალური ქსელის მეშვეობით მიუსამძიმრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც:

“გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, გმირი პოლიციელის კოლეგებს და მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს. თავდასხმის შედეგად დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”.

გარდაცვლილთა ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს სამძიმარს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც უცხადებს:

“ვუსამძიმრებ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს. ქედს ვიხრი გმირულად დაღუპული პოლიციელის, ოთარ ღვინაშვილის წინაშე”.

საგარეჯოში მომხდარ მკვლელობას თბილისის მერი კახა კალაძეც გამოეხმაურა და შემზარავი ტრაგედია უწოდა:

“შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს! დაღუპულთა შორის არის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს! ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაშავებულთა ჯანმრთელობისთვის. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!”

პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და აცხადებს, რომ საქართველოში ამ ტიპის მასობრივი ძალადობის პირველი შემთხვევაა. პოლიტიკოსის აზრით, საგარეჯოში მომხდარი ტრაგედია თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს სისტემურ ჩავარდნაზე მიუთითებს, კერძოდ, ერთ-ერთია თავდაცვის სამინისტროში ფსიქოლოგიურ მიმართულებაზე მომუშავე ძლიერი დეპარტამენტის გაუქმება.

“თავდაცვის სამინისტროში 2013 წლიდან მუშაობდა ფსიქოლოგიური მიმართულება, რომელმაც შემოიღო ფსიქიკური ჯანმრთელობის მთელი რიგი პროგრამები. ჩვენ დროს ის გაიზარდა, გაძლიერდა, დეპარტამენტი გახდა. მთელი კამპანია გვქონდა, მათ შორის „მხარი-მხარს“. მისი ხელმძღვანელი იყო გუგა სიხარულიძე და გუგამ უამრავი პროცედურა და სიახლე დანერგა. ძალიან მაგარ და აუცილებელ საქმეს ვაკეთებდით. რა მოუვიდა ამ დეპარტამენტს და ამ აუცილებელ პროცესებს ჩვენს მერე აღარ ვიცი. მეორე – საზოგადოებაში მოსახლეობის პულსზე ხელი უნდა ედოს სოციალურ სამსახურს. სამსახური არ გვყავს, ყველაზე ხშირად ეგენი იფიცებიან, არ აქვს დაფინანსება და ხელშეწყობა”, – აღნიშნავს დოლიძე.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, პირმა, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა 5 კი, დაჭრა. შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე თავი მოიკლა. მკვლელი ყოფილი სამხედროა, ის 2006 წლიდან 2021 წლამდე, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ამ დროისთვის დალუქულია ის საცხოვრებელი სახლი, სადაც 48 წლის ნოდარ ათუაშვილი ცხოვრობდა.

სალომე ხომასურიძე