“ერთი დანა ან 1 ტყვია, 1 ავტომატი სიმბოლურად” – კიევი საქართველოსგან ომში სიმბოლურ დახმარებას ითხოვს
რუსეთ-უკრაინის ომში ახალი ეტაპი დგება. მხარეები განახლებული ძალებით განაახლებენ საომარ ოპერაციებს და შედეგებიც იმის შესაბამისი იქნება, რომელი მხარე უფრო გონივრულ სტრატეგიას აირჩევს და რა იარაღს გამოიყენებს.
ცივილიზებული სამყარო უკრაინის მხარეს დგას და ზელენსკის მხარდაჭერას უცხადებს, ქვეყნების ნაწილი კი ნეიტრალურ პოზიციას ირჩევს და ცდილობს საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთოს, არც იარაღის მიწოდებით და არც სხვა მხრივ.
საქართველოს უკრაინას, ომის პირველივე დღეებიდან ჰუმანიტარულად ეხმარება. ამასთან, ქვეყანამ უამრავი ლტოლვილი მიიღო, უკრაინული სკოლები გაუხსნა ომგამოვლილ პატარებს და პლუს, სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას უწევს რუსეთის აგრესიის მსხვერპლთ. უკრაინაში გაიგზავნა გენერატორებიც.
როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის ზელენსკის ხელისუფლებისთვის, რადგან დღენიადაგ ომის დაწყებიდან, უკრაინელი მაღალჩინოსნები საკუთარი განცხადებებით მუდმივად ცდილობენ, საქართველოს მიმართ უკმაყოფილების გამოხატვას და საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკას არ იშურებენ. ამ ვითარებაში საქართველოს მთავრობა ცდილობს უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება, რათა ქვეყანა ომში ჩართული არ აღმოჩნდეს.
ბევრი უკრაინელებს ძმებს უწოდებს და იმ დახმარებაზე აპელირებს, რომელიც უკრაინულმა მხარემ 90-იან წლებში გაუწია საქართველოს. თუმცა, თავად უკრაინას კარგად მოეხსენება, რაოდენ მნიშვნელოვანია ის დახმარება, რომელიც ამ პატარა ქვეყანამ, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი სამუშაოდ უცხოეთში გადაიხვეწა და აქ დარჩენილ ოჯახებს ინახავს.
უკრაინის რადას წევრი ალექსეი გონჩარენკო ქართულ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთოდ არ დაეხმარა უკრაინას.
„ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, მაგრამ ძალიან უკმაყოფილო ვართ იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთოდ არ დაეხმარა უკრაინას. საქართველოს ხელისუფლებას უკრაინისთვის არ გაუგზავნია არც ერთი ტყვია, არც ერთი დანა, სრულიად არაფერი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ძალიან უცნაურია, რადგან, როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, უკრაინა იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერდა მას, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ იარაღითაც“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლება უკრაინას უარს ეუბნება ყოველგვარ იარაღზე, რასაც უკრაინელი პოლიტიკოსი ძალიან დიდ შეცდომას უწოდებს.
“საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ მხარეს არის ომში. გეკითხებით, აქვს თუ არა საქართველოს ერთი დანა ან ერთი ტყვია? ეს არის პასუხი თქვენს კითხვაზე. ჩვენ არ ველოდებით საქართველოსგან HIMARS-სა და F16-ებს, ეს შეუძლებელია და ჩვენ კარგად გვესმის, მაგრამ თუნდაც ერთი იარაღი, ერთი ავტომატი, ერთი ტყვია, სიმბოლურად ცხადყოფს, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას ჩვენს საერთო მტერთან ბრძოლაში. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. რუსეთს აქვს ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების 20%-ც და ჩვენ აბსოლუტურად ერთ მდგომარეობაში ვართ. ჩვენ გვესმის, რომ ქართული შეიარაღება არც თუ ისე ძლიერია და ნებისმიერი დახმარება სიმბოლურია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს დახმარებაზე. საუბარი იმაზე, რომ თუ საქართველო ერთ ტყვიას მისცემს უკრაინას, ნიშნავს იმას, რომ საქართველო ჩაერთვება ომში, აბსოლუტური სისულელეა. ათობით ქვეყანა მთელ მსოფლიოში – ახალი ზელანდიიდან დაწყებული, ბალტიისპირეთის ქვეყნებით დამთავრებული და მრავალი სხვა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მეზობელია, უკრაინას მხარს იარაღით უჭერდა და ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ ისინი ომში არიან ჩართული. ისინი, უბრალოდ, უკრაინას უჭერენ მხარს. იგივე სიტუაციაა აქაც. ეს ანტიდასავლური პროპაგანდა აჩვენებს, რომ მოსკოვის გავლენა საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან ძლიერია. მე ძალიან მიყვარს საქართველო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანა, რაც კი ოდესმე მინახავს და ქართველები გულუხვი და შესანიშნავი ხალხია. ბევრი ქართველი ჩემი მეგობარია და ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ აფერხებს საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ამ ისტორიულ დროს“, – განაცხადა გონჩარენკომ.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, საჯაროდ გაკეთებული განცხადების თანახმად, 2500-მდე საქართველოს მოქალაქე იბრძვის. რუსეთ-უკრაინის ომში, უკვე 35 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა. 2014-2021 წლებში – 11 ქართველი, შესაბამისად, ქართულმა მხარემ უკრაინელების მხრიდან დახმარებას, დახმარებითვე უპასუხა.
რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინას იარაღით არ ეხმარება, ოკუპაციის პირობებში მყოფი ქვეყნისთვის, ეს რთულია. დედაქალაქის სიახლოვეს რუსული ბაზაა, უკრაინა კი აქტიურად ითხოვს, საქართველოს ხელისუფლებისგან იარაღით დახმარებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ იარაღი, რაზეც უკრაინელი გონჩარენკო აპელირებს, არაერთხელ გამხდარა ქართული მედიის განხილვის თემა. ითქვა, რომ იარაღის ნაწილი, საერთოდ გამოუსადეგარი იყო და ის ფაქტობრივად, ჯართის სახით სენაკის ბაზაზე განთავსდა. ამასთან, სამხედრო პირები იმასაც საუბრობდნენ ინტერვიუებში, რომ იარაღის ნაწილი, რომელიც უკრაინიდან საქართველოში შემოვიდა, მხოლოდ საბაჟოზეა დოკუმენტებში დაფიქსირებული, რეალურად კი ქვეყანაში არ შემოსულა.
რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების ურთიერთობას, გონჩარენკოს თქმით, “პრობლემა ცუდ სიტყვებში არ არის, პრობლემა ცუდ მოქმედებებშია”.
„თუ საქართველოს ხელისუფლება შეიცვლის პოზიციას და დაიწყებს იარაღის მიწოდებას, ეს დამოკიდებულება შეიცვლება, რადგან ჩვენ საბავშვო ბაღის ბავშვები არ ვართ. ჩვენ ზრდასრულები ვართ ძალიან რთულ სამყაროში, სადაც მთავარია, რას აკეთებ და არა, რას ამბობ“, – აღნიშნა მან.
უკრაინის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით იარაღით დახმარებასთან დაკავშირებულ განცხადებებს, ამერიკის ელჩი გამოეხმაურა.
„ჩვენ განუწყვეტლივ მოვუწოდებთ, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას, რომ განიხილონ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი კონფიდენციალურად და არა საჯაროდ“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან კომენტარისას, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, უკრაინამ საქართველოს ხელისუფლებას 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემის დაბრუნების თხოვნით მიმართა.
„ახლა არის ძალიან სენსიტიური დრო. რუსეთი აწარმოებს ომს იმისათვის, რომ უკრაინას წაართვას სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა პარტნიორს და მოკავშირეს, გადახედონ, რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინის დასახმარებლად. საქართველომ ბევრი რამ გააკეთა ჰუმანიტარულ სფეროში, საერთაშორისო ფორუმებში კენჭისყრებში მონაწილეობით. მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანამ განსაზღვროს, რისი გაკეთება შეუძლია. ვფიქრობ, ყველა კარგად აცნობიერებს, რა სენსიტიურ მდგომარეობაში იმყოფება საქართველო, ვინაიდან მისი ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის კონტექსტი და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს და უკრაინას, განიხილონ ეს საკითხი კონფიდენციალურად“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ დაეხმარება უკრაინას კონტრშეტევით ოპერაციების დაგეგმვაში ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით ყირიმის ნახევარკუნძულის ჩათვლით. ცხადია, ამერიკა აქამდეც ეხმარებოდა უკრაინა არა მხოლოდ შეიარაღებით, თუმცა უილიამ ბარნსის (GIA-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი) კიევში ვიზიტი ომის ახალ ეტაპზე მეტყველებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 20 იანვარს რამშტეინის შეხვედრის ფორმატში უკრაინის მოკავშირეები იმსჯელებენ არამხოლოდ უკრაინისათვის სამხედრო შეიარაღებისა და ფინანსური დახმარების საკითხებზე, არამედ მოკავშირეები შეიმუშავებენ ერთიან გეგმას, რათა კოორდინირებულად მიაწოდონ შეიარაღება (რომლის მოცულობა უპრეცედენტოა აქამდე არსებულ სამხედრო დახმარებებს შორის) განსაზღვრულ ვადებში საომარ ველზე შექმნილი რთული ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე, რომლის საშუალებით უკრაინის არმიამ უნდა მოახდინოს პრევენცია რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევების მცდელობისა, ოპერატიული ინიციატივა მოიპოვოს, ასევე მოახდინოს ფრონტის ხაზების სტაბილიზაცია დონეცკში (ბახმუტი-სოლედარის მონაკვეთზე) და კონტრშეტევების ეფექტიანად დაგეგმარება უზრუნველყოს.
დიდი ალბათობით, უახლოეს კვირებში სავარაუდოდ, ომის ყველაზე ცხელი ფაზა დაიწყება, რაც ორივე მხარისთვის ცნობილია. შესაბამისად, უკრაინის მხარე აქტიურად ითხოვს დახმარებას, არა მხოლოდ იარაღის მხრივ. ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა რეგიონის ქვეყნების მხრიდან ცოცხალი ძალითაც იყოს მხარდაჭერა, თუმცა საჯარო განცხადებებში აფიქსირებს, რომ ის არცერთ კონკრეტულ ქვეყანას ომში ჩართვისკენ არ მოუწოდებს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს ქვეყნების განადგურება სურს.
„დრო ცოტაა, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ გერმანიაში, „რამშტაინის“ ფორმატში მიმდინარე შეხვედრაზე, სადაც მან ვიდეო ჩართვის საშუალებით ისაუბრა.
კრემლმა უნდა წააგოს. თქვენ ხართ ძლიერი ქვეყნების ძლიერი ხალხი. მოგიწოდებთ, მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება წაართვან რუსულ ბოროტებას ნებისმიერი ძალა“, – აღნიშნა ზელენსკიმ და კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლელ ლიდერებს, უკრაინას ტერორის დასამარცხებლად საჭირო იარაღი მიაწოდონ.
„თქვენ გაქვთ ძალაუფლება, უზრუნველყოთ არტილერია და თვითმფრინავები, რომლებიც ჩაახშობენ ტერორს. თქვენ გაქვთ ძალაუფლება, უზრუნველყოთ გამარჯვება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
იმ ფონზე, როცა უკრაინის ლიდერი დასავლელ ლიდერებს იარაღით დახმარებას სთხოვს რუსეთთან ომში გასამარჯვებლად, რუსი პოლიტიკოსები ხაზგასმას ბირთვულ იარაღზე აკეთებენ. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის თქმით, რუსეთის უკრაინაში დამარცხებამ შეიძლება ბირთვული ომი გამოიწვიოს. მედვედევმა ამის შესახებ, NATO-ს და მისი პარტნიორი სახელმწიფოების შეხვედრის წინ Telegram-ზე დაწერა, სადაც უკრაინისთვის დამატებით სამხედრო დახმარება უნდა იყოს განხილული.
“ბირთვული ძალის დამარცხებამ კონვენციურ ომში შესაძლოა ბირთვული ომის პროვოცირება გამოიწვიოს. ბირთვული ძალები არ აგებენ მსხვილ კონფლიქტებს, რომლებზეც მათი ბედია დამოკიდებული. ეს აშკარა უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის დასავლელი პოლიტიკოსისთვისაც, რომელსაც ჭკუის ნატამალი მაინც აქვს შენარჩუნებული”, – წერს მედვედევი Telegram-ზე.
რაც შეეხება ამერიკას, ვაშინგტონი დათმობას არ აპირებს და სწორედ ეს გახდა გერმანიასთან დაპირისპირების მიზეზი.
CNN-ის ინფორმაციით, აშშ და გერმანია ერთმანეთს წაეჩხუბნენ უკრაინის გამო. ვაშინგტონი არ აპირებს დათმოს.
“აშშ-მ და გერმანიამ შეაბიჯეს დაპირისპირებაში უკრაინისთვის ტანკების მიწოდების გამო. ბერლინი უარს ამბობს leopard-ების გაგზავნაზე, თუ ვაშინგტონი არ გააგზავნის M1 abrams-ებს. აშშ-ის აზრით, ეს ბრიყვული მოთხოვნაა, რადგან ეს ტანკები არატოლფასია“.
გიორგი გლოველი