ევროპის ებრაელთა კონგრესი ლავროვისგან ბოდიშს ელის – რუსეთი ევროპას ემუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის ომი დასავლეთთან ჰიბრიდულიდან თითქმის რეალურით იცვლება.

სერგეი ლავროვი

მანამდე ლავროვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნაცისტური გერმანიის მსგავსად „რუსული საკითხის“ გადაჭრის მიზნით შექმნა ევროკავშირი და ნატო. მისი თქმით, სახელმწიფოები უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების დახმარებით აწარმოებენ ომს რუსეთის წინააღმდეგ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადების საპასუხოდ, ევროპის ებრაელთა კონგრესმა (EJC) მოუწოდა მას ბოდიში მოეხადა მსგავსი შედარებისთვის. ორგანიზაციამ შედარება სამარცხვინოდ მიიჩნია და მისი დაუყოვნებლივ გაუქმება მოითხოვა.

როგორც ლავროვი განმარტავს, რუსეთთან ომი განპირობებულია დასავლეთის სურვილით – გაანადგუროს ყველაფერი რუსული: ენით დაწყებული, კულტურით დამთავრებული, უკრაინაში მცხოვრებ რუსებს აუკრძალონ მშობლიურ ენაზე გამოხატვის უფლება.

“როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, იქ, უკრაინაში რაც ხდება, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ომი უკვე აღარ ჰიბრიდული, არამედ თითქმის ნამდვილია, რომელსაც დასავლეთი დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა რუსეთის წინააღმდეგ”, – ქვეყნის პირველი დიპლომატის სიტყვებს “რია ნოვოსტი” ციტირებს.