ტრამპს ფეისბუქსა და ინსტაგრამზე დააბრუნებენ – დაბრუნდება კი, ტრამპი?

დონალდ ტრამპის დევნა წელიწადსა და 8 თვეს გაგრძელდა.

დონალდ ტრამპი

კომპანია “მეტა” აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მალე, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე დაბრუნების უფლებას მისცემს. დაიბრუნებს თუ არა თავად ტრამპი საკუთარ ექაუნთებს სოცქსელში, ჯერჯერობით უცნობია. ბლოკის მოხსნის შემდეგ ის არც ტვიტერში დაბრუნებულა.

როგორც გლობალურ საკითხებში “მეტას” პრეზიდენტმა, ნიკ კლეგმა განაცხადა, ტრამპის ექაუნთებს ბლოკი უახლოეს კვირაში მოეხსნება, რადგან კომპანიაში მიაჩნიათ, რომ “საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოისმინოს, რას ამბობენ პოლიტიკოსები”.

აშშ-ს ექსპრეზიდენტი ტრამპი ფეიბსუქსა და ისტაგრამზე გარკვეული ვადით, მას შემდეგ დაბლოკეს, რაც 2021 წლის 6 იანვარს, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. როგორც კლეგი ამბობს, ეს იყო ფეისბუქის ადმინიატრაციის პასუხი ტრამპისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან აშშ-ის პარლამენტის დარბევაზე.

“ანგარიშების დროებითი დახურვა იყო გადაუდებელი გადაწყვეტილება, მიღებული საგანგებო ვითარებაში”, – დასძინა კლეგმა.

მისივე თქმით, ახლა, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ტრამპის ანგარიშები აღარ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს საზოგადოებისთვის.

მიუხედავად ამისა, ამ სოციალური ქსელების წესების ხელახლა დარღვევის შემთხვევაში, ტრამპს, ყველა სხვასთან შედარებით, სერიოზული სასჯელი ემუქრება.

დაბრუნდება თუ არა ტრამპი ფეისბუქზე, ჯერჯერობით უცნობია. 2021 წელს მან შექმნა საკუთარი სოციალური ქსელი Truth Social-ი, სადაც ოფიციალურად მხოლოდ 5 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, მაშინ, როცა Facebook-ს 3 მილიარდი ჰყავს.

იმავდროულად, ტრამპს აქვს ექსკლუზიური შეთანხმება Truth Social-თან: საკუთარი რეპლიკები ჯერ ამ ქსელში უნდა განათავსოს და მხოლოდ 6 საათის შემდეგ შეუძლია განათავსოს ისინი სხვა სოციალურ ქსელებში.

თავად ტრამპი “მეტას” გადაწყვეტილებას საკუთარ სოციალურ ქსელში – Truth Social-ში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფეისბუქმა მილიარდები დაკარგა „საყვარელი პრეზიდენტის დაბლოკვის გამო”.

“ასეთი რამ აღარასოდეს არ უნდა დაემართოს, არც მოქმედ პრეზიდენტს ან სხვა ვინმეს, ვისაც დასჯა არ დაუმსახურებია”, – დაწერა ტრამპმა.

ამერიკელი დემოკრატები უკმაყოფილონი არიან. მომავალ წელს დონალდ ტრამპი კვლავ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას რესპუბლიკური პარტიიდან. შესაბამისად, “მეტას” გადაწყვეტილება მაშინვე გააკრიტიკეს ტრამპის პოლიტიკურმა ოპონენტებმა.

“ტრამპმა არეულობის პროვოცირება მოახერხა. სახიფათოა მისთვის სოციალურ პლატფორმაზე წვდომის უფლების მინიჭება, ის ამას ტყუილისა და დემაგოგიის გასავრცელებლად გამოიყენებს”, – წერს ტვიტერზე დემოკრატი კონგრესმენი ადამ შიფი.

უფლებადამცველი ორგანიზაცია NAACP-ის ხელმძღვანელმა, დერიკ ჯონსონმა Associated Press-ს განუცხადა, რომ იგი “მეტას” გადაწყვეტილებას შეცდომად მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არის იმის მაგალითი, თუ ადამიანების უსაფრთხოებასთან შედარებით უპირატესობა ფინანსურ მოგებას როგორ ენიჭება.

“ეს გასაოცარია: ადამიანი ავრცელებს სიძულვილს, ავრცელებს შეთქმულების თეორიებს, ხელს უწყობს ამბოხებას კაპიტოლიუმში და მარკ ცუკერბერგი ჯერ კიდევ არ თვლის, რომ ეს საკმარისია იმისთვის, რომ ეს ადამიანი თავისი პლატფორმიდან მოაშოროს”, – თქვა ჯონსონმა.

ნოემბერში ტრამპის ექაუნთი ასევე განბლოკა სხვა მსოფლიო ქსელმაც, Twitter-მა.

Twitter-ში ტრამპი 2021 წლის 6 იანვრის მოვლენების შემდეგ დაბლოკეს და განაცხადეს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა დაარღვია სოციალური ქსელის წესები, რომელიც კრძალავს ძალადობისკენ მოწოდებებს.

თუმცა, მულტიმილიარდერმა ელონ მაკსმა, რომელმაც მოგვიანებით Twitter-ი იყიდა, ქსელის მომხმარებლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და მიღებული შედეგების საფუძველზე ექსპრეზიდენტის ანგარიშს ბლოკი მოუხსნა. ტრამპმა კი განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში დაბრუნების საჭიროებას ვერ ხედავს.

წყარო: bbc.com

თარგმანი: შორენა პაპაშვილი