რუსეთი უკრაინაში ტანკების გაგზავნას კონფლიქტში მონაწილეობად განიხილავს
გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის Leopard-ისა და Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინაში ტანკების გაგზავნას კონფლიქტში პირდაპირ მონაწილეობად განიხილავს.
„არის მუდმივი განცხადებები ევროპის დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან, რომ უკრაინაში სხვადასხვა იარაღის სისტემების, მათ შორის ტანკების გაგზავნა არანაირად არ ნიშნავს ამ ქვეყნების ან ნატო-ს ჩართვას უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამას. მოსკოვში იმ ყველაფერს, რაც მე ვახსენე, რომ ახორციელებენ როგორც ალიანსი, ისე დედაქალაქები, აღიქმება, როგორც უშუალო მონაწილეობა კონფლიქტში. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ჩართულობა იზრდება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის Leopard-ისა და Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს.
დღეს გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ საწყის ეტაპზე გერმანია უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს მიაწვდის. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ უკრაინა Leopard-ის პირველ ტანკებს დაახლოებით სამ თვეში მიიღებს.
გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ასევე, აღნიშნა, რომ ბუნდესვერი ძალიან სწრაფად დაიწყებს უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებასა და ტანკების მიწოდების მარშრუტების დადგენას.
ლელა დევდარიანი