ანასტასია გუბანოვა – პირველი ქართული ოქრო ფიგურულ სრიალში

ანასტასია გუბანოვა

ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონი გახდა. ეს პირველი ქართული ოქროს მედალია ფიგურულ ციგურაობაში.

ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ პროგრამაში ოცდაოთხი საუკეთესო მოციგურავე მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრების წევრმა, ანასტასია გუბანოვამ, თავისუფალი პროგრამითაც წარმატებით იასპარეზა და ორივე პროგრამის ჯამში 199.91 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

მას შემდეგ, რაც წარმოშობით რუსმა სპორტსმენმა მოქალაქეობა შეიცვალა, საქართველოს სახელით არაერთ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

მოკლე პროგრამის შემდეგ გუბანოვა, ჩემპიონატის ფავორიტად მიჩნეულ ბელგიელ ლუნა ჰენდრიკს, 2 ქულით უსწრებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰენდრიკს თავისუფალი პროგრამა ლამის ჩაუვარდა, გოგონა ნახტომების შესრულებისას ორჯერ დაეცა და მან მაინც მოახერხა 193, 48 ქულით მეორე ადგილის შენარჩუნება, მესამე ადგილზე კი შვეიცარიელი კიმი რეპონდი 192, 51 ქულით გავიდა.

ანასტასიას გამარჯვებას სოციალურ ქსელში ქართველი გულშემატკივარიც გამოეხმაურა:

,,ეს გოგო ხელის გულზე სატარებელია, როგორი ემოციით ეკავა ქართული დროშა ჩვენი ჰიმნის ფონზე, ამის დაუფასებლობა უსინდისობაა! ღმერთმა გვიმრავლოს ასე საქართველოზე შეყვარებული ადამიანები’’, – წერს ეკა ქლიბაძე.

,,წარმატებები ანასტასიას და ყველას, ვინც ქართულ დროშას სიამაყით ააფრიალებს’’, – დაწერა ნანა გლურჯიძემ.

,,მადლობა გამარჯვებისთვის, საქართველოს სიყვარულისთვის, საამაყოვ და უმაგრესო ჩემპიონო!’’ – წერს ლოლიტა გერგაული.

ანასტასია გუბანოვა 2021 წლიდან არის საქართველოს ნაკრების წევრი. მისი დებიუტი საქართველოს სახელით შედგა 2021 წლის 9 ოქტომბერს, ფინეთში, ქალაქ ესპოში, „ჩელენჯერის“ სერიის საერთშორისო ტურნირზე სენიორთა შორის. შეჯიბრში ანასტასიამ მეხუთე ადგილი დაიკავა.

2022 წელს, პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა ანასტასია გუბანოვამ მეთერთმეტე ადგილით დაასრულა.

2022 წლის ოქტომბერში ანასტასიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ისევ ესპოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე. ერთი თვის თავზე, ნოემბერში კი ბრინჯაოს მედალი მოუტანა საქართველოს შეფილდის გრან-პრიზე.

დღეს, 20 წლის ანასტასია გუბანოვა ოჯახთან, მშობლებთან და უმცროს და-ძმასთან ერთად, სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს და იქვე ვარჯიშობს. მისი მთავარი მწვრთნელი ევგენი რუკავიცინია.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს მხოლოდ ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოგებული. მესამე ადგილი 2010 და 2012 წლებში ელნე გედევანიშვილმა დაიკავა, ხოლო იგივე შედეგი უჩვენა მორის ყვითელაშვილმა 2020 წელს.

ლელა დევდარიანი


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი