ისტორიული მოვლენა – ბაკურიანი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცევა
ჩემპიონატი ბაკურიანში, 2023 წლის 16 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩატარდება.
საქართველომ პირველად მოიპოვა მსოფლიო მასშტაბის ზამთრის სპორტული ღონისძიების მასპინძლობის უფლება. სათხილამურო ფედერაციის, “თიბისისა” და “სილქნეტის” პარტნიორობის ფარგლებში, ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს წლეულს საქართველო უმასპინძლებს.
ჩემპიონატი ბაკურიანში, 2023 წლის 16 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩატარდება, რაც ქვეყნისთვის ისტორიული მოვლენაა.
როგორც სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ეკა გაბაშვილი აცხადებს, 3 კვირის განმავლობაში მსოფლიო სპორტის, მსოფლიო სპორტული მედიის ყურადღება ბაკურიანისკენ იქნება მოპყრობილი და საქართველო ზამთრის ყველაზე ცხელ წერტილად გადაიქცევა.
“ეს იქნება განვითარების ახალი საფეხური იმის დასტურად, რომ შეგვიძლია ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს სრულუფლებიანი წევრი” , – აცხადებს ეკა გაბაშვილი.
ბაკურიანი სპორტულ აქტივობებთან დაკავშირებული კურორტია და წლის მთავარი მოვლენაც სწორედ მისი მასპინძლობით ჩატარდება.
ჩემპიონატზე წარმოდგენილი იქნება თავისუფალი სტილით სრიალის სხვადასხვა ექსტრემალური სახეობა. დარეგისტრირებულია 700-მდე ათლეტი 42 ქვეყნიდან.
“ეს მთელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან ჩემპიონატი ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ზამთრის სპორტის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის გამყარებას და ტურიზმის განვითარებას. მჯერა, რომ ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ხელს შეუწყობს ახალ თაობაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას”, – აცხადებს „თიბისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, მაკა თავბერიძე.
ლელა დევდარიანი