მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაცია თბილისის ბიუჯეტს ამჯერად 13 მლნ ლარი დაუჯდება

თბილისის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურს – “ვარკეთილს” რეაბილიტაცია უკვე მეორედ ჩაუტარდება. თბილისის მოსახლეობას კარგად ახსოვს, დედაქალაქის წინა მერის, დავით ნარმანიას დროს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს შედეგი. მეტროსადგურის ბაქანზე თაბაშირ-მუყაოს შეკიდებული ჭერი 2018 წლის 30 იანვარს ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა. საბედნიეროდ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მაშინ, სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელმშენმა“ ჩაატარა. ვარკეთილის მეტროსადგურის რემონტისთვის კი, ბიუჯეტიდან 347 852 ლარი დაიხარჯა.

მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაცია ამჯერად, 9 თებერვლიდან დაიწყება და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. სამუშაოებს კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“ შეასრულებს. ამავე კომპანიას აქვს ჩაბარებული მეტროსადგურ “ავლაბრის” სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 13,4 მლნ ლარს შეადგენს.

როგორც თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, სამუშაოები მოიცავს სადგურის ინტერიერისა და შიდა ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას. განხორციელდება არსებული აზბესტის ჭერის დემონტაჟი და ახალი ჭერის მოწყობა თანამედროვე მასალებით. მეტროს დაბლა ბაქანსა და დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის უსაფრთხო დემონტაჟი/მონტაჟის სამუშაოებისთვის მეტროსადგური დაახლოებით, 2 თვით, ივნისი-აგვისტოს შუალედში დაიკეტება.

სამუშაოების აღწერა:

საზოგადოებრივ სივრცეებში ჭერის დემონტაჟი (ზედა ვესტიბიულში თაბაშირ-მუყაოს შეკიდებული ჭერი; დახრილ გვირაბში, ქვედა ვესტიბიულსა და გამანაწილებელ დარბაზში აზბესტცემენტის ფილებისაგან მოწყობილი წყალამრიდი ქოლგა);
იატაკის ბუნებრივი გრანიტით მოპირკეთების დემონტაჟი;
კედლებზე მარმარილოს მოპირკეთების დემონტაჟი;
კარების, ვიტრაჟების სარევიზიო სარკმლების დემონტაჟი;
საინჟინრო ქსელების (გათბობა–გაგრილება, ვენტილაცია, წყალ–კანალიზაცია, ელექტროსისტემები, სუსტი დენები) შეკეთება–განახლება;
საზოგადოებრივ სივრცეებში ინტერიერის მოსაპირკეთებელი სამუშაოები: იატაკების მომზადება, დამუშავება და მოპირკეთება კერამიკული ფილით, კედლების მომზადება, დამუშავება და მოპირკეთება კერამიკული ფილით, კედლებისა და ჭერების მომზადება, დამუშავება და შეღებვა, თაბაშირ-მუყაოს სამუშაოები – კონსტრუქციების შეფუთვა;
შეკიდებული ჭერის ე.წ. ქოლგის გამოცვლა ცემენტის ფილებით;
საზოგადოებრივ სივრცეებში ელ. გაყვანილობის მოწყობა და სანათების მონტაჟი;
ესკალატორის ბალუსტრადების გამოცვლა;
კარების, ვიტრაჟებისა და სალაროების სარკმლების მონტაჟი დეკორატიული ელემენტებით;
სკამების მონტაჟი;
ე.წ. ლაითბოქსების მონტაჟი.

პროექტი მომავალი წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს.

ლელა დევდარიანი


10-წლამდე ასაკის A კატეგორიის ტაქსებისთვის თბილისის მერია პრივილეგიას ქმნის

ქუთაისსა და აბუ დაბის შორის აგვისტოდან რეგულარული რეისების სიხშირე გაიზრდება

23 მაისს თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები 17 მაისიდან დაიწყება

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

პოდკასტი