გინესის რეკორდსმენი ჰენრი კუპრაშვილი ცურვაში ქართველი მსოფლიო ჩემპიონია

76 წლის ასაკში, ჰენრი კუპრაშვილი ახალი ტიტულის მფლობელი გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია ცურვაში.

მსოფლიოს ცურვის ისტორიაში და რეკორდების წიგნში “დარდანელის სრუტის გმირის” სახელით შესული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, 76 წლის ჰენრი კუპრაშვილი ახალი ტიტულის მფლობელი გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია ცურვაში. მან სლოვენიაში გამართულ მე-13 საერთაშორისო ჩემპიონატზე 6 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

“ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება კიდევ ერთხელ მესახელებინა საქართველო მსოფლიო ასპარეზზე. განსაკუთრებული სიყვარული და მადლობა მინდა გამოვხატო იმ ხალხისადმი, ვინც მენდო და მომცა მსოფლიო ასპარეზობაზე მონაწილეობის საშუალება. ჩემი უღრმესი პატივისცემა ამ ადამიანებს, მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და მამხნევებდნენ ამ დაძაბული ერთკვირიანი მსოფლიო ასპარეზობის დროს”, – განაცხადა ჰენრი კუპრაშვილმა.

პირველი ქართველი საერთაშორისო მარათონელი მოცურავე, პირველი ქართველი მოცურავე „ოუშენმენი“ (OCEANMAN), პირველი ქართველი ზამთრის (Winter Swimming) მოცურავე – ეს მცირე ჩამონათვალია იმ მიღწევებისა, რაც ჰენრი კუპრაშვილს სპორტის ამ სახეობაში აქვს.

2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიოში პირველმა „მხედრული კოლხურით“ (ოთხგან ხელფეხშეკრულმა), 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში (12 კმ) და საფუძველი დაუდო მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის ახალ წესს. ჰენრი კუპრაშვილი ასევე ფუძემდებელია ქართული (კოლხურ-იბერიული) სტილით ცურვისა და საქართველოში პარაცურვის სწავლების დანერგვის.

“ის არის ქართველი საერთაშორისო მარათონელი მოცურავე მსოფლიო ჩემპიონი – ბიატლსა და ტრიატლში (2015); მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი –ზამთრის ცურვაში (2018).

ჰენრი კუპრაშვილი მხოლოდ სპორტით არ არის დაკავებული, ის არის პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ვიცე-პოლკოვნიკი, ომის ვეტერანი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი; „მხედრული მამაცობისათვის“ საქართველოს სახელმწიფო მედლის მფლობელი; „სამაგალითო სამსახურისთვის“ უკრაინის შინაგანი ჯარების პირველი ხარისხის მედლის მფლობელი; ბაირონის საერთაშორისო საზოგადოების ოქროს მედლით დაჯილდოებული. მას მიღებული აქვს თავისუფლების მსოფლიო მედალი (ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტი); არის კეთილი ნების ელჩი – მსოფლიო რბენა ფრთები სიცოცხლისათვის (Wings for Life World Run).

“ჰენრი კუპრაშვილი ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი სახელმძღვანელოს ავტორია. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 400-ზე მეტი სტატია, ავტორია 5 მონოგრაფიისა და 9 სახელმძღვანელოსი, არის 2 გამოგონების ავტორი”, – ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

76 წლის სპორტსმენს წარმატება მიულოცა ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანებამაც და სიამაყით აღნიშნეს, რომ ჰენრი კუპრაშვილი წარმოშობით ხაშურიდან არის.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ჰენრი კუპრაშვილის სახელობის წიგნადი ფონდი. წიგნების მსოფლიო რეკორდსმენმა ბიბლიოთეკას პირადად გადასცა.


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი