თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
გუშინ ღამით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქ გაზიანთეფთან იყო.
როგორც ,,ბიბისი” იუწყება, ბიძგების სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდას შეადგენდა და ის ანკარაშიც იგრძნობოდა. სტიქიას ნგრევაც მოჰყვა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები. არის ვარაუდები, რომ რამდენიმე შენობის ნანგრევებში, მოყოლილი ადამიანები არიან.
მათივე ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი, 90-ს აჭარბებს და შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ ქალაქ დიარბაქირში, სავაჭრო ცენტრის შენობაც ჩამოინგრა.
სტიქიის შესახებ განცხადება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმაც გააკეთა. მისი ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ათი ქალაქი დაზარალდა. სულეიმან სოილუს ცნობით, ამ ქალაქებს შორის, გაზიანთეფი, ჰატაი, ადანა, დიარბაქირი და კილისი არიან. ამ დროის მონაცემებით, მხოლოდ ქალაქ მალათიაში 23 ადამიანი დაიღუპა, 42 კი, დაშავდა.
თურქი სეისმოლოგები მიწისძვრის სიმძლავრეს 7.4 მაგნიტუდად აფასებენ, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით კი, 7,8 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა იყო.
აღსანიშნავია, რომ სტიქიას განმეორებითი ბიძგებიც მოჰყვა. წითელ ჯვარში აცხადებენ, რომ დაზარალებულების დასახმარებლად ემზადებიან.
შეგახსენებთ, რომ თურქეთთან ერთად, მიწისძვრამ ნგრევა მეზობელ სირიაშიც გამოიწვია. ბიძგები ლიბანში, კვიპროსსა და ღაზის სექტორშიც იგრძნობოდა.
სალომე ხომასურიძე