თურქეთში მიწისძვრას ქართველი ემიგრანტი, 67 წლის ნანი ზარანდია ემსხვერპლა

მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, ემიგრანტი ქალი კი, ნანგრევებში მოჰყვა.

თურქეთში, 6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას ქართველი ემიგრანტი, სენაკელი, 67 წლის ნანი ზარანდია ემსხვერპლა. ის ემიგრაციაში 12 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, – ინფორმაციას ფეისბუქგვერდი “სენაკის ქრონიკა” ავრცელებს.

ზარანდიას ოჯახის წევრებს ემიგრანტის დაღუპვა იმ ოჯახმა შეატყობინა, სადაც მუშაობდა. მათი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, ემიგრანტი ქალი კი, ნანგრევებში მოჰყვა.

ცხედარი პროზექტურაშია დასვენებული. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები დაწყებულია.

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, გუშინ, ღამის განმავლობაში ნანგრევებში საქართველოს 6 მოქალაქის ძებნა მიმდინარეობდა, რომელთაგან 4 ამოიყვანეს და ისინი თავს კარგად გრძნობენ, 2 კი, ჯერჯერობით ვერ იპოვეს.

როგორც გიორგი ჯანჯღავა აღნიშნავს, ამ დროის მონაცემებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს 2 მოქალაქე გარდაიცვალა, 100-ზე მეტი იპოვეს, 2 კი დაკარგულია.

„გუშინ მთელი დღის განმავლობაში შემოდიოდა ზარები. ვიპოვეთ ჩვენი რამდენიმე მოქალაქე. საბედნიეროდ, 4 ვიპოვეთ. ისინი გადაყვანილები არიან დაცულ სივრცეში, ჯანმრთელად, კარგად არიან. სამუშაოები გრძელდება“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

თურქეთისა და სირიის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ამ დროისთვის 8 300 ადამიანს გადააჭარბა.

შორენა ღავთაძე