ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი “ხალხის მამა” გახდა

რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის სკანდალური მეთაური, რამზან კადიროვი, რომელიც ყოველთვის მედიის ყურადღების ცენტრშია მის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებებით, ადგილობრივი პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებით – „მხარის მამა“ გახდა.

კადიროვს, რომელიც ჩეჩნეთს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს, უფლებადამცველები სასტიკ რეპრესიებში, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევასა და ოპონენტების გატაცება-მკვლელობაში ადანაშაულებენ. კადიროვი უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, პუტინის პოზიციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პროპაგანდისტია. მის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნებს სანქციები აქვს დაწესებული.

ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით, ჩეჩნეთის პარლამენტმა დააკანონა რეგიონის მეთაურის თანამდებობის დასახელება ჩეჩნურ ენაზე – „მეხკ-და“. ეს კი, როგორც “რადიო თავისუფლების” მედია-პროექტი Кавказ.Реалии წერს, სიტყვასიტყვით ნიშნავს, „მხარის მამას“, მაგრამ გამოიყენება „ხალხის მამის“ მნიშვნელობით“.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციირებას, განხილვასა და დამტკიცებას, თვეზე ნაკლები დრო დასჭირდა. საკანონმდებლო წინადადების ავტორი კი ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაჰომედ დაუდოვია.

საინტერესოა, რამდენად შეიცვლება კადიროვისადმი განწყობები მას შემდეგ, რაც ის არამხოლოდ ჩეჩნეთის მოსახლეობის წინაშე წარდგება, როგორც „ხალხის მამა“. ცნობილია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პუტინმა მას პრეზიდენტ ზელენსკის მოკვლა უბრძანა. სიმართლეა თუ არა ეს ინფორმაცია, ამის მტკიცება, რთულია, თუმცა როგორც ჩანს, საჭირო გახდა გარკვეულად მისი გადამოწმება. ცნობილია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პუტინთან საუბარში გადაამოწმა, აპირებდა თუ არა ის, ზელენსკის მოკვლას. რამდენჯერმე გამეორებისას დაუდასტურა პუტინმა, რომ არა. ამის შემდეგ, წერს ისრაელის პრემიერი, ის ზელენსკის ესაუბრა და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

რაც შეეხება კანონის დონეზე „ხალხის მამად“ მოვლენილ კადიროვს, 4 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნეთის მეთაური ანექსირებული ყირიმის მუსლიმთა სასულიერო საბჭოს ხელმძღვანელს, აიდერ რუსტემოვს დაემუქრა. კადიროვის რეაქცია მოჰყვა მუფთის საუბარს უკრაინაში ტყვეობაში მყოფ ჩეჩენ მებრძოლებთან. პოლიტიკოსის თქმით, როცა პატიმრები რუსეთში დაბრუნდებიან, დაუყოვნებლივ უნდა წავიდნენ კვლავ ფრონტზე, რათა შური იძიონ რუსტემოვზე.

იანვრის ბოლოს უკრაინელი ბლოგერის – ვლადიმერ ზოლკინის არხზე გამოქვეყნებული ვიდეო ასახავს კიევის მიერ აღიარებული მუფთის საუბარს ტყვეებთან, რომელთა შორის იყო ხუთი ჩეჩენი სამხედრო მოსამსახურე. ტყვეებთან საუბარში რუსტამოვი აღნიშნავს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი დანაშაულია. იგი ხაზს უსვამს, რატომ არ შეიძლება მას „ჯიჰადი“ (წმინდა ომი) ეწოდოს, რასაც ჩეჩნეთის ხელისუფლება ხშირად იმეორებს.

დატყვევებულ მუსლიმებთან პირველი შეხვედრა – 2022 წლის აგვისტოში შედგა. მაშინ კადიროვმა შეურაცხმყოფელი ფორმით განაცხადა, რომ ყირიმის მუფთი ცდილობდა პატიმრების დამცირებას და მათ მიერ არჩეული გზის დაკნინებას. ოქტომბერში კი თვითონ ჩეჩნეთის მეთაურმა მიმართა დატყვევებულ უკრაინელ სამხედროებს თავის რეზიდენციაში. რამდენიმე ადამიანი მიიყვანეს მასთან ბადრაგის თანხლებით უკრაინაში მისი შვილების მოგზაურობის შემდეგ. კადიროვი თვლიდა, რომ კიევის ხელისუფლება მობილიზებულ უკრაინელებს „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდა. საპასუხოდ მათ ომში მონაწილეობას უაზრო უწოდეს და რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული თეზისებიც გაიმეორეს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გასული წლის მარტში, კადიროვმა მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, გადაეცა ძალაუფლება „ლეგიტიმური პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩისთვის“. ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში კი, ჩეჩნეთის მმართველმა გამოაცხადა პოლონეთის „დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის“ სურვილის შესახებ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ. აგრეთვე, ჩეჩნეთის „ხალხის მამამ“ „რუსეთის არმიისა და მთელი სახელმწიფოს ავტორიტეტის ძირის გამოთხრაში“ დაადანაშაულა სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრი, გენერალი ვიქტორ სობოლევი, რომელმაც გამორიცხა რუსეთის თავდასხმა პოლონეთზე.

თავის ტელეგრამის არხში კი გენერალი სობოლევის ეს პოზიცია კადიროვმა „სირაქლემას პოზას“ შეადარა და სიმხდალეში დაადანაშაულა.

„თუ ვინმე , სობოლევის გარდა“, თავის აზრებში წინასწარ ემზადება ომში დამარცხებისთვის, მაშინ სჯობს წინასწარვე ჩაბარდეს პოლონელებს და ნუ მართავს პროევროპულ საუბარს, რაც რუსეთის არმიისა და მთელი სახელმწიფოს ავტორიტეტს ლახავს“, – აცხადებს კადიროვი.

ცნობილია, რომ წინა დღით სობოლევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნატოს წევრ პოლონეთში შეჭრა მესამე მსოფლიო ომისა და ბირთვული დაპირისპირების დასაწყისი იქნება, რაზეც რუსეთი არ წავა. კადიროვს კი, გავრცელებული ინფორმაციით, სურს უკრაინის შემდეგ რუსეთმა პოლონეთის „დემორალიზაციაც“ მოახდინოს.

გიორგი გლოველი