22-ე წუთზე კვარაცხელიამ საკუთარი დაბადების დღე მე-11 გოლით აღნიშნა

ცნობილი ქართველი ფეხბურთელი 22 წლის გახდა და გოლიც 22-ე წუთზე გაიტანა. 

ხვიჩა კვარაცხელია

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა, ქართველმა ხვიჩა კვარაცხელიამ აუტსაიდერ „კრემონეზეს“ გოლი გაუტანა და დაბადების დღე, იტალიის ჩემპიონატში არაჩვეულებრივი თამაშით და მოგებით (3:0) აღნიშნა. სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ფეხბურთელი 22 წლის გახდა და გოლიც 22-ე წუთზე გაიტანა.

ქართველ ფეხბურთელს დაბადების დღე პირდაპირ ეთერში CBS-ის კომენტატორმა ქართულად მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა თავდამსხმელმა, „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში, ,,სტადიო დიეგო მარადონაზე“ გამართულ 22-ე ტურის დაპირისპირებაში, 83 წუთი ითამაშა. ამ დროის განმავლობაში, ფეხბურთელი მოედანზე, თავისი განსაკუთრებული ტაქტიკითა და თამაშით, ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ,,კრემონეზეში“, ტრავმის გამო, ქართველმა ლუკა ლოჩოშვილმა არ ითამაშა და ქართული დერბიც არ შედგა.

სერია „ა“-ს აუტსაიდერი „ნაპოლის“ დიდ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ 22-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა, ნეაპოლელები საოცარი გოლით დააწინაურა. ხვიჩას გატანის შანსი რამდენიმე წუთში კიდევ ჰქონდა, მაგრამ მისი თავური დარტყმა, კარს მცირე მანძილით ასცდა.

აღსანიშნავია, რომ ტაიმის დასასრულს, კვარაცხელია საჯარიმოში წაიქცა და პენალტის დანიშვნას ითხოვდა, მაგრამ არბიტრმა თამაში გააგრძელა. შესვენებაზე, ,,ნაპოლი“ მინიმალური უპირატესობით გავიდა 1:0.

„კრემონეზე“ მეორე ტაიმში ცდილობდა, რომ ლიდერთან ანგარიში გაეთანაბრებინა, მაგრამ 66-ე წუთზე, მეორე გოლი გაუტანეს. ეს კი, ლეგენდარული ვიკტორ ოსიმენის დარტყმა იყო, რომელმაც მიმდინარე სეზონში, მე-17 გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ უპირატესობა გაზარდა. 79-ე წუთზე კი, ელიფ ელმასმა მესამეც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.

შეგახსენებთ, რომ 22 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ 59 ქულით, პირველ ადგილზეა და ,,ინტერს“ 16 ქულით ასწრებს, რომელიც ამ ტურში „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.

ქართველი გულშემატკივრებისთვის, განსაკუთრებულად საამაყოა ის ფაქტი, რომ კვარაცხელიას ანგარიშზე სერია „ა“-ში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 9 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა. ყველა ტურნირზე კი, უკვე 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი