ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, შეზღუდვები ამოქმედდა

საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს, ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. ტურნირი, 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ბაკურიანში გაიმართება და შეჯიბრებაში მონაწილეობას, 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მიიღებს.

ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და მნახველთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას, მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.

როგორც ცნობილია, 15 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება „რუმსი“-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო „მგზავრებამდე“, 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, იგივე შეზღუდვა, დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ. კუთხის „ნიკორამდე“ იმოქმედებს.

გარდა ამისა, 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, დაბა ბაკურიანში მგზავრების გადაადგილებას, მუნიციპალური ტრანსპორტი უზრუნველყოფს, რომელიც სპეციალურად ჩემპიონატისთვის დანიშნული მარშრუტებით იმოძრავებს. მათ შორის, სრულად შეზღუდულ მონაკვეთებზე – კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროებამდე.

აღსანიშნავია, რომ 16:00 საათიდან დილის 10:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა, შესაძლებელია შეუზღუდავად. შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროების მუშაობის დრო გახანგრძლივდა, რომელიც 09:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.

,,გაითვალისწინეთ, საბაგიროებთან არსებულ ავტოსადგომებზე 10:00 საათიდან 16:00 საათამდე დგომა დაშვებულია მხოლოდ ჩემპიონატის ავტომობილებისთვის.

ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოწყობილია უფასო და ფასიანი ავტოსადგომები ვიზიტორებისთვის შემდეგ არეალებში: სასტუმრო „მგზავრების“ მოპირდაპირე მხარეს (შესვლა 9 აპრილის ქუჩიდან); 25-იანების გვერდით და მოპირდაპირე მხარეს; მუნიციპალური ავტოსადგომი ყოფილი სკოლის ტერიტორიაზე; 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ორივე მონაკვეთზე „რუმსი“-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო „მგზავრებამდე“, დიდველის სადგომიდან ე.წ. კუთხის „ნიკორამდე“ გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს არასწორი პარკირების აღკვეთა მოხდება 24 საათის განმავლობაში.

არასწორი პარკირების აღკვეთა ასევე ხდება სასტუმრო „მგზავრებიდან“ ე.წ. კუთხის „ნიკორამდე“; ე.წ. კუთხის „ნიკორადან“ ანდეზიტის მიმართულებით პირველ გზაჯვარედინამდე; დაბა ბაკურიანის ცენტრალურ ქუჩაზე.

ყველა ზემოხსენებულ მონაკვეთზე აკრძალულია საჭაპანო და საპალნე ტრანსპორტის, დასაჯდომი ცხოველებისა და მოტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს, ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. ტურნირი, 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ბაკურიანში გაიმართება და შეჯიბრებაში მონაწილეობას, 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მიიღებს.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი