სამხედრო ოპერაციებში დაშავებული ქართველი სამხედროები აშშ-ში საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ამერიკის შეერთებულ შტატებში „საჰაერო ძალების თამაშებში“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. ლას-ვეგასის საჰაერო ბაზაზე საერთაშორისო საჰაერო თამაშები სტარტს 24 თებერვალს აიღებს და 3 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
სამხედრო მოსამსახურეები სპორტის 6 სახეობაში – პარაკალათბურთში, მჯდომარე ფრენბურთში, სროლაში, სირბილში, ნიჩბოსნობასა და მშვილდოსნობაში იასპარეზებენ. ტურნირისთვის დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა.
“ქართველი სამხედროები წლეულს პირველად იასპარეზებენ, სადაც მათ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები გაუწევენ მეტოქეობას. საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე, მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლელა დევდარიანი