საქართველოს სუპერთასი ახალი ფორმატით, 2023 წლის ივლისში გათამაშდება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე, 2023 წლის საშეჯიბრო დებულება დაამტკიცეს. ამასთან, ახალი ფორმატით საქართველოს სუპერთასის გათამაშების თარიღიც ცნობილი გახდა. სხდომაზე, ვიცე-პრეზიდენტებიც აირჩიეს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, კომენტარი გააკეთა.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც წინა წლებში დავიწყეთ და უეფასთან სტრატეგიული განვითარების გეგმის მიხედვითაა გათვალისწინებული, გაგრძელდება. ასევე, დამტკიცდა ლიგა 2-ის, ლიგა 3-ისა და ლიგა 4-ის დებულებები. აქვე ვიტყვი, რომ სანაკრებო მატჩებისა და ახალგაზრდული “ევრო 2023”-ის მასპინძლობის გამო ზაფხულში, ეროვნულ ლიგაში, ჩვეულებრივზე ხანგრძლივი პაუზა იქნება”, – განაცხადა დავით მუჯირმა.
მისი თქმით, 9 ივნისს ჩემპიონატში შესვენება დაიწყება, რომელიც 5 აგვისტომდე გაგრძელდება. ამასთან, საქართველოს სუპერთასის გათამაშება, შეცვლილი ფორმატით გაიმართება და მასში, ორის ნაცვლად, 4 გუნდი იასპარეზებს. ესენია: ეროვნული ლიგის სამივე პრიზიორი – თბილისის „დინამო“, ბათუმის „დინამო“ და გორის „დილა“, ასევე თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“.
“ეს გუნდები, სუპერთასს ივლისის დასაწყისში გაითამაშებენ. შესაბამისად, დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში, მერვედფინალური ეტაპიდან ჩაერთვებიან. ვისარგებლებ შემთხვევით და ეროვნულ ლიგასა და ევროტურნირებზე მოთამაშე გუნდებს, წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა დავით მუჯირმა.
შეგახსენებთ, რომ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის 2023 წლის გათამაშების ნახევარფინალური წყვილები, ცნობილია. გორის „დილა“ „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება, ქუთაისის „ტორპედო“ კი, ბათუმის „დინამოს”. წყვილში გამარჯვებული გუნდები ფინალში ითამაშებენ, დამარცხებულები კი, მესამე ადგილოსნის ვინაობას გაარკვევენ.
სალომე ხომასურიძე