“ხვიჩა კვარაცხელია არ იყიდება” – “ნაპოლი” ხვიჩასთვის გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს

,,ნაპოლიმ“ დაადასტურა, რომ ევროპული გრანდების ინტერესის მიუხედავად, ხვიჩა კვარაცხელია არ იყიდება, – იუწყება გამოცემა ,,sportsmole” და „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის კომენტარს აქვეყნებს.

„ხვიჩა ფანტასტიკური ფეხბურთელია და მისი შენარჩუნება გვინდა. საქმე მხოლოდ მის ფასში არაა – უბრალოდ, კვარაცხელია ამ დროისთვის არ იყიდება, ჩვენი კლუბი მისი გაყიდვისთვის ჯერ მზად არ არის“, – განაცხადა ჯუნტოლიმ ჟურნალისტებთან.

sportsmole-ზე გამოქვეყნებულ წერილში ხაზგასმულია, რომ ,,ნაპოლის“ ამჟამინდელ წარმატებაში, ქართველი ფეხბურთელის როლი დიდია. ასევე, ,,ნაპოლი“ ხვიჩასთვის გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს, რაც ხელფასის მნიშვნელოვან გაზრდას ითვალისწინებს.

,,22 წლის ფეხბურთელი „ნაპოლიში“ ბათუმის „დინამოდან“ გასულ ზაფხულს, 10 მილიონ ევროდ გადავიდა და ლუჩანო სპალეტის გუნდის განუყოფელი ნაწილი, მალევე გახდა”, – ვკითხულობთ წერილში.

კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, 19 მატჩში 10 გოლი გაიტანა, 11 საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდს სერია A-ს ლიდერობაში დაეხმარა. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ნეაპოლელებს კონკურენტი „ინტერი“ 15 ქულით ჩამორჩება.

,,ქართველმა ფეხბურთელმა ორი გოლი ჩემპიონთა ლიგაზეც გაიტანა, სამშაბათს ფრანკფურტის „აინტრახტთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში კი, ამ ტურნირზე მეოთხე საგოლე პასი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აქვს, ამბობენ, რომ ნეაპოლს მალე დატოვებს. ხვიჩას მიმართ ინტერესს კი, მადრიდის „რეალი“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „მანჩესტერ სიტი” იჩენენ”- ნათქვამია sportsmole-ზე გამოქვეყნებულ წერილში.

ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ერთად, “სკუდეტოს” მოგებაზეა ორიენტირებული, რომელიც გუნდს 1989/90 წლების სეზონის შემდეგ, არ მოუგია.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი