საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებს ანგარიშით – 88:80 სძლია

დასკვნით მატჩს, საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში, ისლანდიასთან გამართავს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა ალმერეში ნიდერლანდებს 88:80 სძლია. მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია და შერმადინი გაიყვანა.

მასპინძლები ჩვენს გუნდს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდნენ, 13:6 დაწინაურდნენ და ზუროსმა წუთშესვენება აიღო. ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა 10-ქულიანი გაქცევა და წინ გასვლა მოახერხა, თუმცა, პირველი მეოთხედი 17:19 წავაგეთ. მეტოქე სამქულიანებს უკეთ ისროდა, ფარზეც არაფერს გვითმობდა, საქართველოს ნაკრები შეცდომებსაც უშვებდა, პერიმეტრს ვერ კეტავდა და პირველი ტაიმი 35:42 დათმო.

დიდი შესვენების შემდეგ, ნიდერლანდები წინ 10 ქულით გაიჭრა. მაკფადენმა სამი ზუსტი სამიანით უპასუხა, შენგელიას და შერმადინის ძალისხმევით, ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. შეცვლაზე კარგად შესულმა ბურჯანაძემ ზედიზედ 4 ქულა ჩააგდო და დასკვნითი პერიოდის წინ, 66:62 დავწინაურდით.

მეოთხე მეოთხედშიც საკმაოდ დაძაბული თამაში მიმდინარეობდა. ზუროსის შეგირდები 6 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ მოწინააღმდეგე ისევ წინ გავიდა, რასაც ქართული გუნდის წინსვლა და უმძიმეს შეხვედრაში, დამსახურებული გამარჯვება მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებიდან შენგელიამ 25 ქულა ჩააგდო, შერმადინმა – 22, მაკფადენმა კი, 20. ნიდერლანდელთაგან ყველაზე შედეგიანი, 20 წლის კრააგი იყო, რომელმაც 23 ქულა აიღო. დე ვრისმა კი, 20 ქულა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ დასკვნით მატჩს, საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში, ისლანდიასთან გამართავს. მოგების შემთხვევაში კი, ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე გავა.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი