დიდმა ბრიტანეთმა ირანელ სამხედრო მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა გარკვეული სანქციები დაუწესა ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელია ირანიდან რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემაზე. ესენი არიან: ირანის სამხედრო ოფიცერი ― სეიედ ჰოჯატოლა კურეიში, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური ― მოჰამად ჰოსეინ ბაგერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ― საიდ აგაჯანის.

სამივე მათგანს ქონება დაუყადაღეს და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე გადაადგილება აუკრძალეს. სანქციები და ქონების დაყადაღება შეეხო კომპანია Shahed Aviation Industries, Shahed-საც, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს და რუსეთს ამარაგებს. ეს უკანასკნელი კი, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში, ამ მოწყობილობებს იყენებს.

ირანმა რუსეთს უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატები გადასცა. ეს ქმედება ეწინააღმდეგება გაეროს ოფიციალურ დადგენილებას.  შესაბამისი დოკუმენტების არსებობის მიუხედავად, ირანი უარყოფს რუსეთთან მოკავშირეობას და მისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებას. მსგავსად იქცევა რუსეთიც, რომელმაც, ამ ფაქტის დაფარვის მიზნით, მიღებულ აპარატებს სახელი შეუცვალა და “გერანი 2” უწოდა.

ირანის სანქციები  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმაც დაუწესა. დიდი ბრიტანეთის სანქციები 20 ოქტომბრიდან ამოქმედდა. გარდა ამისა, ამ საქმეში, მოკავშირედ კიდევ ოთხი ირანული ორგანიზაცია გამოჩნდა. ევროკავშირი აპირებს, სანქციები მათაც დაუწესოს. საუბარია სამ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირზე.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დღესაც მიმდინარეობს.

ავტორი: მეგი მიქაბერიძე