საუდის არაბეთი უკრაინას 300 მლნ აშშ დოლარის ნავთობპროდუქტებით დაეხმარება

საუდის არაბეთის სამეფო კიევს ჰუმანიტარული დახმარების სახით 400-მილიონ აშშ. დოლარზე მეტს გამოუყოფს, აქედან 100 მილიონი აშშ. დოლარის ჰუმანიტარული დახმარება იქნება, ხოლო 300 მილიონი აშშ. დოლარი ნავთობპროდუქტების სახით.

უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ მასმედიას საუდის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა 26 თებერვალს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ აცნობა.

ბრიფინგის ტრანსლაციას ტელეკომპანია Al Ekhbariya აწარმოებდა.

„სამეფო ყველა ღონეს ხმარობს უკრაინელების ტანჯვის შესამსუბუქებლად. ჩვენ ორიენტირებული ვართ უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის შედეგების შემსუბუქებაზე, რის გამოც, მეფემ და მეფისნაცვალმა გადაწყვიტეს 410 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება გავუგზავნოთ ქვეყანას”, – განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა დასძინა, საუდის არაბეთი განაგრძობს უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების შესაძლებლობების ძიებას.

“სამეფო დაინტერესებულია ნებისმიერი ინიციატივის მხარდაჭერით, რომელიც ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებას და ასევე მშვიდობის მიღწევას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა მხარესთან ამ კრიზისის გადაჭრის გზების მოსაძებნად”, – განაცხადა მან.

გარდა ამისა, ტელეარხ Al Sharq-ის ცნობით, რიადმა და კიევმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ნავთობპროდუქტების მიწოდებას.

საუდის არაბეთის დახმარების პაკეტზე ინფორმაცია, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი იერმაკმა ტელეგრამის არხზე გაავრცელა.

მისი ინფორმაციით, უკრაინამ და საუდის არაბეთმა კვირას, კიევში ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, რომლის საფუძველზეც კიევი 400 მილიონი აშშ. დოლარის დახმარების პაკეტს მიიღებს. აქედან 100 მილიონი აშშ. დოლარის ჰუმანიტარული დახმარება იქნება, ხოლო 300 მილიონი აშშ. დოლარი ნავთობპროდუქტების სახით.

ანდრეი იერმაკმა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პრინცი ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდის კიევში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა.

“იგი შეხვდა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და გუნდს. ეს არის საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში. ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ (შედგა 1993 წლის 14 აპრილს) და მე პირადად მადლობელი ვარ პრინცი ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდისთვის კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელმაც საბოლოოდ მიგვიყვანა ამ შეხვედრამდე”, – წერს იერმაკი.

მისივე განმარტებით, საუბარია მეფე სალმანის ჰუმანიტარული დახმარებისა და დახმარების ცენტრთან თანამშრომლობის ერთობლივ პროგრამაზე და საუდის არაბეთის განვითარების ფონდთან ურთიერთგაგების მემორანდუმზე.

“მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინასა და საუდის არაბეთს აქვთ საერთო გამოწვევები და მათთან გამკლავების გამოცდილება. ჩვენ ვსაუბრობთ ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომლებიც მიეწოდებოდა “აჯანყებულებს” და ახორციელებდნენ თავდასხმებს საუდის არაბეთში ნავთობის ობიექტებზე”, – წერს ზელენსკის აპარატის უფროსი.