TikTok-ის გამოყენება ამერიკასა და კანადაში იკრძალება – გასართობი აპლიკაცია თუ კიბერსაფრთხე
კანადის მთავრობამ სამსახურებრივ მობილურ მოწყობილობებზე ჩინური სოციალური ქსელის, „ტიკტოკის“ აპლიკაცია აკრძალა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, კანადის ხელისუფლება უსაფრთხოების, დაცულობისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებს, სერიოზულად უდგება და აპლიკაციის აკრძალვის მიზეზიც, სწორედ ესაა.
„ეს შესაძლოა, იყოს პირველი ნაბიჯი. ასევე, შესაძლოა, ეს იყოს ერთადერთი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც გვჭირდება. თუმცა, ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ, ემსახურება კანადელების უსაფრთხოების შენარჩუნებას“, – აღნიშნა ტრიუდომ „ტიკტოკის“ აპლიკაციის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ცნობილი გახდა ის ფაქტიც, რომ თანამშრომლებს ჩინური კომპანიის კუთვნილი სოციალური მედიის აპლიკაციის, „ტიკტოკის“ გამოყენება, ევროკომისიამაც აუკრძალა, რაც უსაფრთხოების მიზეზებით ახსნეს. დეკემბერში კი, ჩინეთის მხრიდან ჯაშუშობის საფრთხის გამო, სამსახურებრივ მოწყობილობებზე აპლიკაციის გამოყენება, აშშ-ის მთავრობამ ფედერალური უწყებების თანამშრომლებსაც აუკრძალა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ჯერ კიდევ შარშან დეკემბერში აკრძალა TikTok-ის ჩამოტვირთვა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრებისა და თანამშრომლების ოფიციალურ გაჯეტებზე. შესაბამისი შეტყობინება წარმომადგენელთა პალატის აღმასრულებელი დირექტორის ოფისმა გაავრცელა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად კიბერუსაფრთხოება დასახელდა.
შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ „კიბერუსაფრთხოების ოფისი მიიჩნევს TikTok -ს „უსაფრთხოების მაღალ რისკად“, რაც მოიცავს აპის ამოღებას ყველა სერვისის გაჯეტიდან.
გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა კრის რეიმ ასევე, დასძინა, რომ TikTok-ზე კონტროლი ჩინეთის მთავრობის ხელშია, რაც იმას ნიშნავს, რომ “საფრთხე ემუქრება შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას“.
TikTok-ის ოპერაციების უფროსმა ვანესა პაპასმა სექტემბერში განუცხადა აშშ-ს სენატს, რომ ჩინეთის მთავრობას არ აქვს წვდომა პოპულარული აპლიკაციის რესურსებზე.
TikTok-ი ეკუთვნის ჩინურ კომპანია ByteDance-ს, რომელმაც თავისი სათავო ოფისი 2020 წელს სინგაპურში გადაიტანა.
იმავე წელს აპლიკაცია აშშ-ში რესპუბლიკელების თავდასხმის ობიექტად იქცა. არგუმენტი იყო ის, რომ ჩინეთის მთავრობას შეეძლო ამ აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლის მონაცემებზე წვდომა, როგორიცაა დათვალიერების ისტორია და მდებარეობა. აშშ-ს სენატმა ამასთან დაკავშირებით კანონპროექტიც კი დაამტკიცა, რომელიც ფედერალურ თანამშრომლებს უკრძალავს TikTok-ის გამოყენებას მთავრობის კუთვნილ მოწყობილობებზე, ხოლო ამერიკელ სამხედროებს აპის სამხედრო მოწყობილობებზე ჩამოტვირთვა აეკრძალათ.
TikTok-ის მფლობელ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ამერიკელებისა და კანადელების შეშფოთება ძირითადად გამოწვეულია დეზინფორმაციით და სიამოვნებით შეხვდებიან დაინტერესებულ პირებს კომპანიის პრაქტიკის განსახილველად.
TikTok-ის აკრძალვის მოწოდებები გაისმა ავსტრალიისა და ტაივანის მხრიდანაც, ინდოეთმა ეს აპლიკაცია 2020 წელს სამხედრო დავის გამო დაბრლოკა.
2020 წელს, აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სცადა ახალი მომხმარებლებისთვის აეკრძალა TikTok-ის ჩამოტვირთვა და სხვა ოპერაციები, რომლებიც ეფექტიანად დაბლოკავდა აპლიკაციების გამოყენებას აშშ-ში, მაგრამ მთელი რიგი სასამართლო პროცესები წააგო, – იტყობინება nashvancouver.com-ი .
სალომე ხომასურიძე