ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ახალი კანონი, 2024 წლამდე აღარ ამოქმედდება
იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვთ, ახალი ელექტრონული სისტემა 2023 წლის ნოემბრიდან უნდა ამუშავებულიყო.
ევროკავშირმა მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება 2024 წლამდე გადადო.
როგორც ცნობილია, იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვთ, ახალი ელექტრონული სისტემა 2023 წლის ნოემბრიდან უნდა ამუშავებულიყო.
სისტემის ამოქმედების შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, გამგზავრების წინ ელექტრონული ანკეტა უნდა შეავსონ, რომელსაც სისტემა დაამუშავებს და მოგზაური ავტორიზაციას ელექტრონული ფოსტით მიიღებს. ახალი სისტემა 60-ზე მეტი სახელმწიფოს შეეხება. მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ ჩადიოდნენ.
მომსახურების გადასახადი შვიდი ევროთი განისაზღვრა. შენგენის ზონაში შესასვლელად, 7 ევროს ოდენობის გადასახადის დაფარვა აუცილებელი 18-იდან 70 წლამდე ადამიანებისთვის იქნება. 18 წლამდე და 70 წელს ზემოთ პირებს კი, გადასახადი არ შეეხებათ.
როგორც ევროკომისიის ოფიციალურ გვერდიდან ვიგებთ, „სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის ევროპულ სისტემაში“ (ETIAS) რეგისტრაციისთვის აუცილებელი იქნება, სპეციალური ელექტრონული ფორმის შევსება. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, ევროპაში მოგზაურობის ნებართვა, სამი წლის ვადით გაიცემა. სამოგზაურო განაცხადის ხელახლა შევსება, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ მოქალაქე ნებართვის მოქმედების პერიოდში, რაიმე მიზეზით პასპორტს შეცვლის.
ელექტრონულ ანკეტაში, რომელიც ევროპაში გამგზავრებამდე უნდა შეივსოს, მოქალაქეები პირად მონაცემებს მიუთითებენ, მათ შორის, დაბადების ადგილს, დაბადების თარიღს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, განათლებასა და სამუშაო ადგილს. მსურველებს, ასევე, ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნის დასახელება მოუწევთ, რომლის მონახულებასაც პირველად აპირებენ. განაცხადის ფორმაში მოქალაქეებს შეხვდებათ ველი, სადაც კითხვებზე პასუხის გაცემა იქნება აუცილებელი. ეს კითხვები კი, ჯანმრთელობაზე, ნასამართლობაზე და მსგავს საკითხებზე იქნება.
ევროპაში მოგზაურობისთვის საჭირო ნებართვის მიღების შემდეგ, მისი ამობეჭდვა სავალდებულო არ იქნება. ევროკომისიის განმარტებით, მსგავსი სისტემის ამოქმედება, უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეფუძნება.
სალომე ხომასურიძე