“მილუოკი ბაქსმა” ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი გუნდიდან გაუშვა
„მილუოკი ბაქსმა“ სანდრო მამუკელაშვილი გუნდიდან გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველად გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტმა, შემს შარანიამ გაავრცელა, შემდეგ კი, ამის შესახებ ESPN-იმ დაწერა. NBA-ს ოფიციალური ვებგვერდიც ადასტურებს, რომ “ბაქსმა” მამუკელაშვილის გუნდიდან გაშვება ოფიციალურად მოითხოვა, რის შემდეგაც საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ვარსკვლავთან კონტრაქტი გაწყვიტა.
როგორც წყარო იუწყება, ვისკონსინურმა გუნდმა, ორმხრივი კონტრაქტისთვის ადგილი გაათავისუფლა. სანდროს ორმხრივი კონტრაქტის მიხედვით, სეზონის განმავლობაში, მონაწილეობა NBA-ის მაქსიმუმ 50 შეხვედრაში შეეძლო. დარჩენილი ნაწილი კი G ლიგის გუნდში, „ვისკონსინ ჰერდში“ უნდა გაეტარებინა. სად გააგრძელებს ქართველი კალათბურთელი კარიერას, ჯერჯერობით, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი „ბაქსმა“ 2021 წლის დრაფტზე, 54-ე ნომრად აირჩია. სანდრო ამ დროის განმავლობაში 65 შეხვედრაში მონაწილეობდა და საშუალოდ 3.2 ქულას, 2.1 მოხსნას და 0.6 პასს 9.6 წუთში აკეთებდა.
სალომე ხომასურიძე