მეტროსადგური “გოცირიძე”, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან გაიხსნება

მეტროსადგური “გოცირიძე” რეაბილიტაციის პროცესში

თბილისის მეტროპოლიტენის ერთ-ერთი სადგური – “გოცირიძე”, სავარაუდოდ, მომავალი კვირისთვის გაიხსნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ცნობით, აღმოჩენილი იყო კონკრეტული ხარვეზები, რომელიც, ფაქტობრივად, გამოსწორებულია.

იმ ფონზე, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადატვირთულია და მოსახლეობას ძალიან უჭირს დროულად და კომფორტულად გადაადგილება, მეტროს დროულ და გამართულ მუშაობას, დიდი მნიშვნელობა აქვს. წელიწადზე მეტია, მეტროსადგური „გოცირიძე“ გაჩერებულია რეაბილიტაციის გამო. სადგური ნამდვილად საჭიროებდა რეაბილიტაციას, თუმცა ფაქტია, აღნიშნული პროცესი საკმაოდ გაიჭიმა.

დარღვევების გამო, აუცილებელი გახდა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერის ხელახალი გამოცხადება.

„ექსპერტიზა ჩატარდა, დადგენილი იყო ხარვეზები, რომელიც ფაქტობრივად, გამოსწორებულია და რამდენიმე დღეში შესაბამის სამსახურს ექსპლუატაციაში მისაღებად წარედგინება“, – აცხადებს კალაძე.

ნოემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „მამისონი“ 600 000 ლარით დაჯარიმდა. თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის თქმით, ამ კომპანიამ სამუშაოების შესრულება 4-5 თვით დააგვიანა, რაც ძალიან დიდი დარღვევაა.

კომპანია “მამისონის” მეწილე ნიკოლოზ ჭკადუა მედიის წარმომადგენელთან საუბარში აცხადებდა, რომ კომპანიამ სამუშაოების გახანგრძლივება მხოლოდ 60 დღით ითხოვა, რის გამოც დაჯარიმდა. მისი თქმით, მეტროსადგურ “გოცირიძის” სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადების გახანგრძლივება მათგან დამოუკიდებელ მიზეზებს უკავშირდებოდა.

გიორგი გლოველი


10-წლამდე ასაკის A კატეგორიის ტაქსებისთვის თბილისის მერია პრივილეგიას ქმნის

ქუთაისსა და აბუ დაბის შორის აგვისტოდან რეგულარული რეისების სიხშირე გაიზრდება

23 მაისს თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები 17 მაისიდან დაიწყება

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

პოდკასტი