საბერძნეთში დამსაქმებელთა მხრიდან ძალადობის ობიექტებს შორის 38% კაცია, 62% – ქალი
10-დან 6 დამსაქმებელი საკუთარ თანამშრომელზე ფიზიკურად, სიტყვიერად ან ფსიქოლოგიურად ძალადობს ან სექსუალურად ავიწროებს მათ.
საბერძნეთის შრომის ინსპექციის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, საბერძნეთში საკმაოდ ხშირია სამსახურებრივ გარემოში ძალადობისა და სექსუალური შევიწროების ფაქტები. კვლევის მიხედვით, 10-დან 6 დამსაქმებელი საკუთარ თანამშრომელზე ფიზიკურად, სიტყვიერად ან ფსიქოლოგიურად ძალადობს ან სექსუალურად ავიწროებს მათ.
საბერძნეთში ქართული დიასპორის საიტის – georgians.gr-ის ინფორმაციით, საჩივრების აბსოლუტური უმრავლესობა, 91%, ეხება სიტყვიერი, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობისა და შევიწროების ფაქტებს, ხოლო დანარჩენი 9% სექსუალურ შევიწროებას. მონაცემების თანახმად, თანამშრომელთა 38%, რომელიც აღნიშნული ძალადობის შესახებ ჩივის, მამაკაცია, ხოლო 62% ქალი.
საბერძნეთში ხშირია რასისტული ნიშნით დისკრიმინაციაც, დამსაქმებელთა მხრიდან თანამშრომლებისთვის ანაზღაურების არ გადახდა და ფიზიკური ძალადობის შემთხვევებიც.
თანამშრომლებზე ძალადობის ყველა აღნიშნული ფორმა ძირითადად ფიქსირდება შემდეგ სფეროებში: კვების მრეწველობა, ტურიზმი (სასტუმროები), მშენებლობა, ჯანდაცვა, ტრანსპორტი.
აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციაში დამსაქმებლების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების 43% გადაწყდა სასამართლოს გარეშე.