ხვიჩა კვარაცხელიამ 14 წლის გულშემატკივარს სურვილი აუსრულა და გულში ჩაიკრა

ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მურვანიძე

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივრებისთვის, განსაკუთრებით კი პატარებისთვის, უსაყვარლეს ფეხბურთელად იქცა.

მის გულმხურვალე გულშემატკივართა შორის 14 წლის გიორგი მურვანიძეც არის, რომელიც ბერი ანდრიას ფონდის სარეაბილიტაციო ცენტრში 2 წელია ცხოვრობს. ის ონკოპაციენტია და უმძიმესი დაავადებას ებრძვის.

ბერი ანდრიას დედამ, თინათინმა საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა:

“ვფიქრობ, ხვიჩას ხმა როგორ მივაწვდინო, რომ მოვიდეს ფონდში ჩემი განსაკუთრებულად ტკბილი და თბილი შვილობილის, გიორგის გულის გასახარად, დამეხმარეთ!“

ამ სტატუსის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, კეთილი ადამიანების დახმარებით, გიორგის ნატვრა აუხდა. ხვიჩამ თავის პატარა გულშემატკივარს, ჯერ ვიდეოზარით დაურეკა, რამდენიმე დღის შემდეგ კი ფეხბურთელ, ზურიკო დავითაშვილთან ერთად პირადად შეხვდა და გულში ჩაიხუტა.

“ჯადოსნური დღე გამოგვივიდა დღეს, გიო მურვანიძეს ყველაზე სანუკვარი ოცნება ავასრულეთ, გულში ჩაიკრეს მისმა ფავორიტმა ვარსკვლავებმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ზუკა დავითაშვილმა. ეს ემოცია და სიხარული არასდროს დაავიწყდება გიოს, უდიდესი მოტივაციით გააგრძელებს ბრძოლას და იმედი მაქვს გავიმარჯვებთ!”, – წერს თინათინი, ბერი ანდრიას დედა.

აღსანიშნავია, რომ 17 წლის ბერმა, ანდრიამ, რომელიც სოლიდური სიმსივნით იყო დაავადებული, გარდაცვალების წინ მშობლებს დაუბარა, ეზრუნათ ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებზე. ბერის მშობლებმა, ემზარ მილორავამ და თინათინ ჩხვიმიანმა, შვილის თხოვნა შეასრულეს. ისინი დღეს სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნავენ და მათთვის სარეაბილიტაციო ცენტრი ააშენეს.

ფონდის მზრუნველობის ქვეშ არიან სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები, უპირატესად სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ოჯახებიდან, რომელთაც არათუ სასიცოცხლოდ საჭირო საკმაოდ ძვირადღირებული კვლევების, არამედ იმის შესაძლებლობაც კი არ აქვთ, რომ ქიმიოთერაპიის შემდეგ იმ აუცილებელი საკვებით გამოკვებონ ბავშვები, რაც სჭირდებათ.

ამ წლების განმავლობაში ფონდმა 600-ზე მეტ ბავშვზე იზრუნა.

 

ლელა დევდარიანი


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი