თსუ საკუთარ ტრადიციებს უბრუნდება – უნივერსიტეტში კალათბურთის აკადემია გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კალათბურთის აკადემია გაიხსნა, რომელიც, თავდაპირველად, 6-დან 14 წლამდე ასაკის 400-მდე მოზარდს მიიღებს. თითოეულ ჯგუფში 20 ახალგაზრდას კვირაში სამი დღე ცნობილი მწვრთნელები და კალათბურთელები ავარჯიშებენ.

აკადემია ეროვნული საკალათბურთო სუპერლიგის ლიდერის – თსუ საკალათბურთო გუნდის ბაზაზე შეიქმნა და პროფესიონალი სამწვრთნელო და სამედიცინო პერსონალით არის დაკომპლექტებული.

როგორც თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარებასთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. თსუ-ში საკალათბურთო აკადემიის გახსნა, ახალგაზრდა თაობას შესაძლებლობას მისცემს საუნივერსიტეტო კალათბურთის ისტორია წარმატებით გააგრძელოს და მომავალში დიდი კალათბურთი ითამაშონ.

მისივე თქმით, აკადემიის მიზანია, უნივერსიტეტის პროფესიონალური საკალათბურთო კლუბის გაძლიერება აკადემიის აღზრდილი სპორტსმენებით, ქართული კალათბურთის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთის აკადემიის აღსაზრდელებს შესაძლებლობა ექნებათ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირებში მიიღონ მონაწილეობა.

„დღეს ახალგაზრდებში დიდი მოთხოვნაა კალათბურთზე. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. ძალიან სასიხარულოა უნივერსიტეტში აკადემიის გახსნა და ვფიქრობ, ის დიდ კონკურენციას გაუწევს საქართველოში არსებულ სხვა საკალათბურთო სკოლებს, რაც ქართული კალათბურთის ხარისხზე დადებითად აისახება,“ – განაცხადა თსუ საკალათბურთო გუნდის მწვრთნელმა ლექსო ლაფანაშვილმა.

ქართველმა კალათბურთელმა, სპორტის ოსტატმა ამირან სანიკიძემ თსუ საკალათბურთო აკადემიას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ აკადემია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პროფესიონალი სპორტსმენების აღზრდაში.

მისივე თქმით, ყველაფერი პირველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან იღებს სათავეს. საქართველოში პირველი საკალათბურთო მოედანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობდა. პირველი საკალათბურთო კლუბი კი სპორტის კათედრაზე მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გაიხსნა.

“ძალიან მიხარია, რომ დღეს თსუ-ში საკალათბურთო აკადემია გაიხსნა, რომელიც პროფესიონალებს აღზრდის,“ – განაცხადა ამირან სანიკიძემ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კალათბურთის ისტორია 1922 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება. პირველი საკალათბურთო გუნდი თსუ-ში 1922 წელს შეიქმნა. დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი საქართველოს თასის მოპოვებისთვის იბრძვის. 11 აპრილს უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს თასის ოთხთა ფინალის ნახევარფინალში „ოლიმპს“ დაუპირისპირდება.

კალათბურთის აკადემიის გახსნის ღონისძიებაზე სპორტული კომენტატორის, ვეტერანი სპორტსმენის ჯამლეტ ხუხაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

შორენა ღავთაძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი