გმირთა მოედნის პრობლემურ კვანძზე ტრანსპორტის მოძრაობას შუქნიშანი დაარეგულირებს
თბილისში გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში, ცვლილებები შედის. გმირთა მოედანი ქალაქის ერთ-ერთი პრობლემური სატრანსპორტო კვანძია, სადაც ბევრი ავტომობილი იყრის თავს და გადაადგილება შეუძლებელია, განსაკუთრებით, პიკის საათებში.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა,კვანძის ამჟამინდელი გეგმარებით, რამდენიმე მიმართულების კვეთა დაურეგულირებელია – ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან, ასევე, კოსტავას ქუჩისა და თამარ მეფის გამზირიდან, რაც ნაკადების შეუფერხებელ გადაადგილებას ართულებს.
მისივე თქმით, კვანძზე შუქნიშნის ობიექტის მოწყობით, არსებული ნაკადები დაიყოფა, რაც გააუმჯობესებს გამტარუნარიანობას.
“დაგეგმილია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, გამტარუნარიანობისა და უსაფრთხოების გაზრდა მინიმალური ინფრასტრუქტურული ჩარევით”, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის აზრით, დაგეგმილი ცვლილებები, კერძო ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე, დადებითად აისახება. დაგეგმილ ცვლილებებზე, უკვე სიმულაციური მოდელირებაც მომზადდა, რაც შერჩეული გადაწყვეტის ეფექტიანობაზე მიუთითებს.
სალომე ხომასურიძე