“სპორტი უფროსი თაობისთვის“ – თბილისის მერია სპორტული ობიექტების რეგისტრაციას იწყებს
თბილისის მერიის პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“ გაფართოება და მასში, სხვადასხვა კერძო თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სპორტული ორგანიზაციების) ჩართვაა დაგეგმილი. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტი ობიექტების რეგისტრაციას იწყებს. როგორც ცნობილია, პროგრამა დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამის გამო, გაფართოებასაც საჭიროებს. გარდა ამისა, აღნიშნული ფაქტი, პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნითაც ხორციელდება.
60 წლის და ამავე ასაკს გადაცილებული მოქალაქეების ფიზიკური აქტივობისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით, დედაქალაქის მერია მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სპორტულ ცენტრებში, აღნიშნულ პროგრამას შარშან ოქტომბრიდან ახორციელებს.
როგორც მედია სააგენტო “24”-ს თბილისის მერიაში განუმარტეს, პროგრამაში ნებისმიერ სპორტული ობიექტის ჩართვაა შესაძლებელი, რომელიც შემდეგ მოთხოვნებს აკმაყოფილებს:
ა) ერთ სივრცეში ფუნქციონირებადი საცურაო აუზი და ფიტნესდარბაზი, აღჭურვილი დასწრების ელექტრონული აღრიცხვის მოწყობილობით;
ბ) ჰიგიენის ნორმების დაცვა და ფუნქციონირებადი საშხაპეების არსებობა;
გ) უნდა ჰყავდეს სერტიფიცირებული ექიმი, ფიტნესინსტრუქტორი და მაშველი ან ინსტრუქტორი;
დ) ერთდროულად არანაკლებ 20 მოსარგებლის მომსახურებაზე გათვლილი საცურაო აუზი (სიგრძე არანაკლებ – 15 მ, სიგანე არანაკლებ – 10 მ, სიღრმე არანაკლებ – 1,20 მ);
ე) ერთდროულად არანაკლებ 15 მოსარგებლის მომსახურებაზე გათვლილი ფიტნესდარბაზი (სავარჯიშო სივრცე არანაკლებ – 150 კვ. მ).
მომსახურების მიმწოდებელმა ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ განცხადებას უნდა დაურთოს:
ა) ექიმის უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) ან/და ლიცენზია;
ბ) მაშველის/ინსტრუქტორის და ფიტნესინსტრუქტორის სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საცურაო აუზის, ფიტნესდარბაზის, საშხაპეებისა და სველი წერტილების ამსახველი ფოტომასალა.
აღსანიშნავია, რომ დაინტერესების შემთხვევაში, მომსახურების მიწოდების მსურველებმა, ქვეპროგრამაში ჩართვის მოთხოვნით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს უნდა მიმართონ და სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული განაცხადის ფორმა წარადგინონ.
როგორც ცნობილია, მომსახურების მიმწოდებლების განცხადებები, თბილისის მერიის მისამართზე, შარტავას ქ. N7, მერიის კანცელარიაში მიიღება. გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს, განცხადებების შეტანა, თბილისის რაიონული გამგეობების სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: www.ms.gov.ge (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელია სპეციალური მოწყობილობა) შეუძლიათ.
სალომე ხომასურიძე