თბილისში ტაქსები ავტობუსის ზოლში პირველი ივნისიდან იმოძრავებენ
A კატეგორიის ტაქსებისთვის, რომელთა გამოშვების ვადა 10 წელზე მეტი არ არის, კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდება. კერძოდ, მათ პირველი ივნისიდან, ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ, – ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გარდა ამისა, მერმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივ მუშაობას და შსს მინისტრს, მადლობაც გადაუხადა.
„ტაქსების რეფორმის ფარგლებში, არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა. გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც შეეხება მხოლოდ A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა გამოშვების ვადა არ აღემატება 10 წელს. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ექნებათ უფლება, პირველი ივნისიდან იმოძრაონ ავტობუსის ზოლში. აქამდე შეეძლოთ, რომ აღნიშნულ ზოლში მგზავრი აეყვანათ ან ჩამოესვათ. აქტიურად ვმუშაობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო უშუალოდ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და უწყებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, კალაძის თქმით, მიმდინარე წლის მაისიდან, მუნიციპალურ სერვისცენტრებში ე.წ. სტიკერების დარიგება დაიწყება A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთაც ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება აქვთ. მერის თქმით, ტაქსი ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ დაიშვება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით გადაადგილდება.
„იმისთვის, რომ მარტივად იდენტიფიცირებადი იყოს ასეთი საშუალებები, მათ შორის მგზავრებისთვის, შემოვიღეთ ე.წ. სტიკერები, რომელთა დარიგებას უკვე მაისიდან დავიწყებთ მუნიციპალურ სერვისცენტრებში. ეს ე.წ. სტიკერი იქნება იმის მანიშნებელი, რომ ტაქსი დაშვებულია ავტობუსის ზოლში. შესაბამისად, მისი გადაადგილების დრო, გაცილებით ნაკლები იქნება. A კატეგორიის ტაქსი დაიშვება მხოლოდ იმ საავტობუსო ზოლში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის და არა – საპირისპირო მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი დეტალია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ცნობისთვის, აღნიშნული ,,სტიკერები“ ტაქსების საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსდება, რათა მოქალაქეებისთვისაც მარტივი ამოსაცნობი იყოს.
სალომე ხომასურიძე