თბილისის მერია 18-მეტრიან ავტობუსებს კიდევ შეისყიდის

დედაქალაქის მერია, საწყის ეტაპზე, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას გეგმავს. ავტობუსების შესყიდვის ბიუჯეტი, დაახლოებით, 245 მლნ ლარი იქნება.

როგორც თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, აღნიშნული ცვლილება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. წლების წინ, ამ მიმართულებით, არავის უფიქრია. ერთადერთი, დავით ნარმანიამ შემოიყვანა „მანის“ მარკის ლურჯი ფერის ავტობუსები, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იყო. დედაქალაქში, მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად იზრდება. ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, 18-მეტრიანი ავტობუსები შევისყიდოთ“, – განაცხადა მერმა.

კახა კალაძის ინფორმაციით, სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ“ ბაზრის კვლევა გამოაცხადა, რომელიც 27 აპრილს დასრულდება. პირველ ეტაპზე, 160 ერთეული ავტობუსის შესყიდვა განხორციელდება. ბაზრის კვლევის შედეგების შესაბამისად, მაისის დასაწყისში, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებაა დაგეგმილი.

„წინასწარი შეფასებით, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ჯამური ბიუჯეტი, დღგ-ს ჩათვლით, დაახლოებით 245 მლნ ლარი იქნება. ეს თანხა დაკორექტირდება ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით“- განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც ცნობილია, 18-მეტრიანი ავტობუსების მოწოდება, 2024 წლის განმავლობაში, ეტაპობრივადაა დაგეგმილი. დედაქალაქს პირველი 50 ერთეული, საორიენტაციოდ, მომავალი წლის აპრილამდე მიეწოდება. დანარჩენი კი, 2024 წლის მეოთხე კვარტალში.

სალომე ხომასურიძე


10-წლამდე ასაკის A კატეგორიის ტაქსებისთვის თბილისის მერია პრივილეგიას ქმნის

ქუთაისსა და აბუ დაბის შორის აგვისტოდან რეგულარული რეისების სიხშირე გაიზრდება

23 მაისს თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები 17 მაისიდან დაიწყება

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

პოდკასტი