საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი უნგრეთთან სტუმრად გამართა და ერთი ბურთის სხვაობით, 31:30 გაიმარჯვა.
ქართველმა ხელბურთელებმა, შეხვედრის პირველ ტაიმში, სამბურთიანი უპირატესობა, ანგარიშით 17:14 მოიპოვეს. მეორე ნახევარი კი, საკმაოდ დაძაბული იყო. საქართველო მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, 28:30 მარცხდებოდა, თუმცა, არსენაშვილისა და ცხოვრებაძის გოლებით, ნაკრებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა,შემდეგ კი, ცხოვრებაძემ უნგრეთის კარის მიმართულებით, ბოლო წამზე დანიშნული შვიდმეტრიანის გამოყენება მოახერხა და მატჩში საბოლოო შედეგი – 31:30 დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მესამეადგილოსნების ოთხეულში მოხვდა და ისტორიაში პირველად, კონტინენტის პირველობაზე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის პირველობა გერმანიაში, 2024 წლის 10-28 იანვარს ჩატარდება.
სალომე ხომასურიძე