“ქართულმა ემიგრაციამ ღირსება დაიბრუნა, ევროპამ სულ სხვა კუთხით გაგვიცნო” – მიმართვა პრეზიდენტს

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ყოფილი თანამშრომელი, რეჟისორი მაია შენგელია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სოციალური ქსელით მიმართავს და ახალგაზრდა სპორტსმენ ხვიჩა კვარაცხელიასათვის ღირსების ორდენის მინიჭებას ითხოვს.

“ქალბატონო სალომე, არ ვიცი როდის, ვის და ვის მიერ ენიჭება საქართველოს მოქალაქის ღირსების ორდენი, მაგრამ მგონია, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. არა იმიტომ, რომ ეს ბიჭი ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს და სულ მალე ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ჩემპიონი გახდება, ან იმიტომ, რომ თავისი ნიჭის გამო, ქართული ფეხბურთი მსოფლიო ფეხბურთის რუკაზე დააბრუნა, არამედ მისი ნათელი აზრების და ღირსების გამო, როგორი ღირსებითაც ის საკუთარ სამშობლოს, საქართველოს, წარმოადგენს უცხოეთში!

მის გამო ევროპამ სულ სხვა კუთხით გაგვიცნო და ცდილობს რაც შეიძლება მეტი გაიგოს ამ ბიჭის სამშობლოზე. ქართველი სპორტსმენებით საუკეთესო სპეციალისტები ინტერესდებიან. ის ქართული სპორტის ნამდვილი ლიდერია. ქართულმა ემიგრაციამ ღირსება დაიბრუნა მისი დახმარებით და თავაწეული სიარული ისწავლა!

შენი ქვეყნის წარმატებისათვის ბრძოლას სხვადასხვა ფორმა აქვს და ეს ბიჭიც ისე იბრძვის, როგორც შეუძლია. 22 წლის ბიჭს იმაზე მეტი რა უნდა გაეკეთებინა თავისი ქვეყნისთვის, რაც უკვე გააკეთა?! საუკეთესო კუთხით გააცნო ქართველი მთელს ევროპას!
ღირსების ორდენი ღირსეულს ეკუთვნის!”, – წერს მაია შენგელია.

ქართველი რეჟისორი სხვა სპორტსმენების დამსახურებასაც აღნიშნავს. მისი აზრით, ევროპის ქვეყნებში ქართველების კარგმა თამაშმა საქართველო დააბრუნა ფეხბურთის მსოფლიო სპეციალისტების ყურადღების ცენტრში.

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ სხვადასხვა ქვეყნების კლუბებში გაფანტული ჩვენი ფეხბურთელები ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უკეთ ითამაშებს და ვინ უფრო მეტ გოლს გაიტანს! და ეს ძალიან, ძალიან კარგია! ევროპის ქვეყნებში ქართველების კარგმა თამაშმა საქართველო დააბრუნა ფეხბურთის მსოფლიო სპეციალისტების ყურადღების ცენტრში. მადლობა მათ ამისათვის! ჩვენს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს ეს საშუალებას აძლევს შემჩნეულნი იქნენ! ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ რაც შეიძლება ბევრი ფეხბურთელი გვყავდეს საუკეთესო საფეხბურთო ლიგებში და ამით ამაღლდეს ჩვენი სანაკრებო ფეხბურთის დონე”, – წერს მაია შენგელია.

მისივე აზრით, რაც უფრო მაღალ დონეზე იასპარეზებენ ქართველი ფეხბურთელები შიდა ჩემპიონატში, ერთი მხრივ უფრო ამაღლდება ჩემპიონატის ხარისხი და მეორე მხრივ, პერსონალურად კარგი მოთამაშეებისთვის გაიღება ევროპული კლუბების კარი!

“ვოცნებობ იმ დროზე, როცა ჩვენი საფეხბურთო კლუბები დაიბრუნებენ იმ პოზიციებს, რაც ოდესღაც ქართულ ფეხბურთს ჰქონდა… ურიგო არ იქნებოდა სტადიონებისთვის მიგვეხედა. ამას წინად რომელიღაც თამაში ვნახე, ტლაპო იდგა მეკარის საჯარიმო მოედანზე. არც საერთაშორისო საკლუბო ტურნირების მოწყობა გვაწყენდა, რომ ჩვენს კლუბებს სხვა ქვეყნების კლუბებთან თამაშის უფრო მეტი პრაქტიკა ჰქონოდათ”, – მიმართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მაია შენგელია.


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი