მსოფლიო ჭადრაკის ქართველი ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი 82 წლის გახდა
მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ნონა არის პირველი მოჭადრაკე, რომელიც დაფნის გვირგვინს 16 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.
“ჭადრაკი სპორტია იმ მხრივ, რომ ეს შეჯიბრებაა, რომელშიც ვლინდება გამარჯვებული ან დამარცხებული. მეცნიერებაც არის, რადგან თავისი თეორია აქვს, რომელსაც თან ახლავს კვლევა, დამუშავება და აღმოჩენა. ხელოვნებაცაა, რადგან შემოქმედებითი მიდგომა სჭირდება. თამაშია, რომელსაც აზარტში შეჰყავხარ”, – ეს სიტყვები მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს ეკუთვნის.
ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში მასწავლებელ ტერენტი გაფრინდაშვილისა და ვერა გრიგოლიას ოჯახში დაიბადა. იგი ექვს დედმამიშვილში მეხუთე შვილი და ერთადერთი ქალიშვილია.
ჭადრაკის თამაში 5 წლისას ასწავლეს ძმებმა. სწორედ მათი მეშვეობით მოხვდა ნონა ზუგდიდის ნაკრებში, რომელიც 1953 წლის ზაფხულში ბათუმში გამართულ მოსწავლეთა რესპუბლიკურ პირველობაში მონაწილეობდა.
სწორედ ამ ტურნირზე შეამჩნია ის ჭადრაკის ცნობილმა პედაგოგმა ვახტანგ ქარსელაძემ, მისთვის ჩვეული დიდი ინტუიციის წყალობით, მაშინვე გამოარჩია იგი:
„შევამჩნიე, რომ მახვილი თვალი და პოზიციის შეფასების თავისებური უნარი ჰქონდა“.
მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ნონა არის პირველი მოჭადრაკე, რომელიც დაფნის გვირგვინს 16 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.
ნონა გაფრინდაშვილმა ვაჟთა ჭადრაკშიც სერიოზულ წარმატებებს მიაღწია. ის პირველი ქალი იყო, რომელმაც ვაჟთა ნორმატივიც შეასრულა და საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა.
მან მოახერხა გამარჯვების მოპოვება ტურნირზე ჰოსტინგში (აშშ, 1963-1964), ლონ პეინში გამართულ აშშ-ის ღია პირველობაზე (1977), რეჯიო ემილიაში (იტალია, 1983), ვიიკ ან ზეეში (ჰოლანდია, 1987). აშშ-ში გამარჯვების შემდეგ ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, რომელმაც დიდოსტატის წოდება მიიღო.
ნონა გაფრინდაშვილმა 5-ჯერ მოიგო სსრკ-ის ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის (1964, 1973/74, 1981, 1983, 1985). 10-ჯერ იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. 1963-1986 წლებში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადებზე 11 გუნდური და 9 პირადი ოქროს მედალი მოიპოვა.
ნონა გაფრინდაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონია.
1989 წლიდან 1996 წლამდე იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტია. იგი დღემდე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი გახლავთ.
1997 წელს ფიდე-ს 68-ე კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილებით, დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის გარდამავალი თასი, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს ჯამური საუკეთესო შედეგისთვის გადაეცემათ.
1999 წელს ნონა გაფრინდაშვილი მეოცე საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარეს.
2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.
აღსანიშნავია, რომ ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოსანი სპორტსმენია, რომელმაც გამარჯვება თერთმეტ ოლიმპიადაზე მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი კი, ხუთჯერ.
ჭადრაკის “დედოფლის” ანგარიშზე, პირველი საჭადრაკო “ოსკარი” და “ევროპის ოქროს პაიკის” ლაურეატობაა.
78 წლის ასაკში, ყველაზე ასაკოვანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
შარშან, იტალიაში მიმდინარე სენიორ მოჭადრაკეთა (+65) მსოფლიო ჩემპიონატში, ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა, 81 წლის ასაკში, გაიმარჯვა. მოჭადრაკემ ეს ტიტული, უკვე მერვედ მოიპოვა.
მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და სახელოვან მოჭადრაკეს, საერთაშორისო დიდოსტატს და საქართველოს ეროვნულ სიამაყე ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნონა გაფრინდაშვილმა თავისი ფენომენალური ნიჭისა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნო.
„თავისი ფენომენალური ნიჭისა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით ნონა გაფრინდაშვილმა ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოს გააცნო, მისი სახელი საჭადრაკო სამყაროში დღემდე ხმამაღლა ისმის, რაც ჩვენთვის, მისი გულშემატკივრებისთვის, განსაკუთრებით საამაყო და სასიხარულოა. დღეგრძელობას ვუსურვებ ქალბატონ ნონას, ჯანმრთელობა და მხნეობა არ მოჰკლებოდეს ამ მართლაც დიდ პიროვნებასა და უდიდეს პატრიოტს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოს მიუძღვნა”, – აცხადებს პრემიერი.
მედია სააგენტო ,,24” ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს საუკეთესო სურვილებით ულოცავს იუბილეს.
ლელა დევდარიანი