ბრაზილიაში პელეს მავზოლეუმი გაიხსნა – კართან ფეხბურთელის მოოქრული ქანდაკება დაგხვდებათ
ბრაზილიელი ფეხბურთელის პელეს (Edson Arantes do Nascimento) გულშემატკივრებს მისი საფლავის მონახულება სანტოსის ნეკროპოლისში, სან-პაულუს სანაპიროზე შეუძლიათ. მავზოლეუმი ვიზიტორებისთვის ღია იქნება სამუშაო დღეებში – 9-იდან 12 საათამდე და 14-იდან 18 საათამდე. მიუხედავად იმისა, რომ შესვლა უფასოა, საჭიროა ნეკროპოლის ვებგვერდზე ვიზიტის დროის მითითება.
მემორიალი მდებარეობს მარაპეს რაიონში “ავენიდა დოუტორ ნილო პესანიას” ვერტიკალურ სასაფლაოზე. შესასვლელთან სტუმრებს ფეხბურთელის ორი მოოქრული ქანდაკება ხვდება, იატაკი ხელოვნური გაზონის ბალახით არის მოპირკეთებული, საფლავზე კი ცისფერი ჭერი. მავზოლეუმის კედლებზე პელეს ცხოვრებისა და კარიერის მნიშვნელოვანი მომენტებია გამოსახული – მისი ცნობილი დარტყმა, მსოფლიოს ჩემპიონის თასი, მაისური 10 ნომრით და ა.შ. მისი ავტომობილი გამოფენილია მემორიალური ავტომობილების მუზეუმში.
CNN-ის ინფორმაციით, მრავალსართულიანი ნეკროპოლისის პროექტი შეიმუშავა მემორიალის მფლობელმა პეპე ალსტუტმა, რომელიც 2018 წელს გარდაიცვალა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ამ სასაფლაოზე ადგილი 2003 წელს დაჯავშნა. თავდაპირველად იგეგმებოდა მისი დაკრძალვა, მაგრამ ოჯახი სასაფლაოს ხელმძღვანელობას შეუთანხმდა, რომ მავზოლეუმი მოეწყოთ საზოგადოებისთვის.
პელე 2022 წლის 29 დეკემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფეხბურთის ლეგენდასთან გამოსამშვიდობებლად სამგლოვიარო ცერემონიალში 230 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათი რიგი რამდენიმე კილომეტრის მანძილზე იყო გადაჭიმული. პელეს სახელი შეიტანეს პორტუგალიური ენის ლექსიკონში, მისი სინონიმია სიტყვა “საუკეთესო”.
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ედსონ არანტის დო ნასიმენტომ, რომელსაც ყველა იცნობს სკოლის ზედმეტსახელით პელე, 1977 წელს დაასრულა სპორტული კარიერა, მაგრამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანად რჩება.
პელე ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც სამჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი (1958, 1962 და 1970 წლებში). მას რეკორდული რაოდენობის გოლები აქვს გატანილი. ფეხბურთის კომისია FIFA -მ ის უდიდეს ფეხბურთელად, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა – მე-20 საუკუნის უდიდეს სპორტსმენად აღიარეს.
თარგმნა შორენა პაპაშვილმა