დიდი ბრიტანეთის ინდოელი პრემიერი თვით სამეფო ოჯახზე მდიდარია 

გაერთიანებული სამეფოს პირველი ფერადკანიანი, ინდური წარმოშობის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და მისი მეუღლე აქშატა მურთი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახზე უფრო მდიდრები, თითქმის 850 მილიონი აშშ. დოლარით არიან. რიში სუნაკისა და მისი მეუღლის სავარაუდო ქონება 845.5 მლნ დოლარია. გამოცემა “სანდეი თაიმსის” 2022 წლის მდიდარი ბრიტანელი ადამიანების სიაში ისინი 222-ე ადგილს იკავებენ.

ელიზაბედ II-ის ქონება, მის გარდაცვალებამდე, 418.5 მლნ-ს შეადგენდა. მეფე ჩარლზ III-ის და კამილას, დედოფალ კონსორტის ქონება კი 339-დან 396 მილიონ აშშ. დოლარამდეა შეფასებული.

ბრიტანეთის პრემიერის მეუღლე აქშატა მურთი ინდოეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახიდანაა. მისი მამა ენ არ ნარაიანა მურთი საინფორმაციო ტექნოლოგიური გიგანტის – Infosys-ის დამფუძნებელია. “ბლუმბერგის” მიხედვით, მისი ქონება 1.3 მილიარდს შეადგენს.

 

წყვილმა ერთმანეთი სტენფორდის უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე სწავლის დროს დროს გაიცნეს. ისინი 2009 წელს დაქორწინდნენ და 2 შვილი ჰყავთ.

BBC-ის ცნობით, აქშატა მურთის დიდ ბრიტანეთში რეზიდენტის ანუ სხვა ქვეყანაში (ინდოეთში) მცხოვრების სტატუსი ჰქონდა, შესაბამისად ის, საზღვარგარეთიდან მიღებულ შემოსავალზე გადასახადს არ იხდიდა. მას ბრიტანეთის ბიუჯეტში, წელიწადში 2.4 მილიონი აშშ. დოლარი უნდა გადაეხადა, რასაც თავს არიდებდა.


პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და მისი მეუღლე აქშატა მურთი

ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მაშინ მოჰყვა,  როდესაც რიში სუნაკი ფინანსთა მინისტრი გახდა. სწორედ სკანდალის გამო მიიღო რიშის მეუღლემ ბრიტანეთში მუდმივად მცხოვრებლის სტატუსი და ახლა გადასახადებსაც იხდის.

საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ფიქრობენ, რომ სიმდიდრის გამო სუნაკისთვის ხალხის რეალური პრობლემები უცხოა. ინტერნეტში ვრცელდება რიში სუნაკის სტუდენტობის დროინდელი ვიდეოები, სადაც ამბობს, რომ არ ჰყავს მეგობრები მუშათა კლასიდან. თუმცა, ახლა უკვე დიდი ბრიტანეთის პრემიერი სუნაკი ამ ფაქტის გამო უხერხულობას გრძნობს და ამბობს, რომ ახალგაზრდობაში სისულელე ყველას ჩაგვიდენია.

წყარო: New York Post

ავტორი: ინგა ფუტკარაძე