,,ბუნების პეიზაჟი ფლეიტის ჰანგებში“- ფლეიტისტთა მე-7 ფესტივალს გორი უმასპინძლებს

15 ივლისს, ფლეიტისტთა მე-7 ფესტივალს ,,ბუნების პეიზაჟი ფლეიტის ჰანგებში“ ამჯერად გორი უმასპინძლებს. ფესტივალი ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები და კონსერვატორიის სტუდენტები მიიღებენ. მონაწილეებმა სოლო და საორკესტრო პროგრამაზე აქტიური მზადება უკვე დაიწყეს. მუსიკოსები ფესტივალზე სხვადასხვა ნაწარმოებებს შეასრულებენ. ფესტივალის ფარგლებში, 22 ივლისს,  დასკვნითი კონცერტი ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლაში, 23 ივლისს კი კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება.

ფესტივალის ძირითადი მიზანი საქართველოს რეგიონებში ფლეიტის პროპაგანდა, პროფესიული კუთხით ინსტრუმენტზე დაკვრის ხელოვნების განვითარება, ახალი რეპერტუარის შესწავლა და ერთად მუზიცირების უნარის განვითარებაა, რომელიც  საფესტივალო ორკესტრში მოსწავლეთა მონაწილეობის მიღებას ეფუძნება.

„ფლეიტისტთა ფესტივალს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს პროფესიულ განვითარებასა და ფლეიტისტად ჩამოყალიბებაში. ჩემს ცხოვრებაში, ეს ფესტივალი იყო გარდამტეხი საფეხური, რამაც გადამაწყვეტინა გავყოლოდი მუსიკას და როგორც ხელოვანის სათქმელი, ფლეიტისტის სახელით გამომეხატა. ეს ყველაფერი კი  ფესტივალის ხელმძღვანელების, ჩემი მასწავლებლის მერიკო ჟვანიას და მაგდალენა კუნის დამსახურებაა. მათმა პროფესიონალიზმმა და საქმის სიყვარულმა განაპირობა ამდენი ახალგაზრდის, მათ შორის ჩემიც, ფლეიტით დაინტერესება, შეყვარება და პატივისცემა“,- აღნიშნა ფესტივალის ერთ-ერთმა მონაწილემ ელენე ვეფხვაძემ.

ელენე ვეფხვაძის განმარტებით, ფლეიტისტთა ფესტივალი, უამრავი საინტერესო და სახალისო აქტივობებით, საკმაოდ ინტენსიური და გამორჩეულია. მონაწილეები, ერთი კვირის განმავლობაში არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან, კოლეგებთან და  მეგობრებთან ერთად  დაუვიწყარ დროს გაატარებენ.

,,ეს იქნება მაქსიმალურად დატვირთული მუსიკალური შემოქმედებითი საღამო, რაც ვფიქრობ, ჩემთვის და თითოეული მონაწილისთვის იქნება სასიამოვნო და მოტივაციის მომცემი. მეტიც, ეს ფესტივალი გამოცდილების შეძენისა და განვითარების საწინდარია. მონაწილეები ვემზადებით გარკვეული კონცეფციის შესაბამის პროგრამაზე – სოლო, კამერული და საანსამბლო. მოსმენის შემდეგ, ფესტივალის ხელმძღვანელთა მიერ შეირჩევა საუკეთესო მონაწილეები, რომლებსაც  საჩუქრები გადაეცემათ“,- აღნიშნა ახალგაზრდა მუსიკოსმა.

ფლეიტისტთა მე-7 ფესტივალი ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკითა და კონცეფციებითაა გამორჩეული, რაც თითოეული მუსიკოსისთვის  საინტერესო და მრავლისმომცველია. ურთიერთობის დამყარება, ცოდნის გაღრმავება და საუკეთესო საჩუქრები თითოეულ მათგანს განსაკუთრებულ სტიმულს აძლევს.  ელენე ვეფხვაძის თქმით, ფლეიტისტთა ფესტივალი ყოველი მონაწილისთვის არის დიდი გამოცდილება, რომელიც ხელოვნებას, კერძოდ მუსიკასა და მის სიყვარულს ემსახურება.

ფესტივალის დამფუძნებელი ჰოლანდიაში მოღვაწე ღვაწლმოსილი მუსიკოსი, ფლეიტისტი მაგდალენა კუნი, ორგანიზატორი კი მერი ჟვანიაა.

ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეები მაგდალენა კუნის  მიერ წინასწარ შერჩეულ პროგრამას შეასრულებენ. ჰოლანდიელი ფლეიტისტი კატეგორიების მიხედვით გამოავლენს გამარჯვებულ მონაწილეებს და გალა კონცერტზე, ფულადი პრემიებითა და მთავარი პრიზით – ფლეიტით, თავად დააჯილდოვებს.

 ,, იგი წლების განმავლობაში იყო ამსტერდამის რადიოსა და სიმფონიური ორკესტრის ფლეიტების ჯგუფის წამყვანი სოლისტი. მაგდალენა კუნი დიდი ქველმოქმედია. მან, წლების განმავლობაში, უამრავი სანოტო მასალა და  70- მდე ინსტრუმენტი ჩამოიტანა საქართველოში და საჩუქრად გადმოგვცა. იგი ასევე არის ინიციატორი და მოთავე ფლეიტების ხელოსნების დაოსტატებისა. მათი გადამზადება, ჰოლანდიაში, ერთ-ერთ ცნობილ ხელოსანთან, თავისივე დაფინანსებით უზრუნველყო”,- აღნიშნა ფესტივალის ორგანიზატორმა მერი ჟვანიამ.

,, ფესტივალის ბოლო კულმინაციური ნაწილი  მართლაც რომ განსაკუთრებული და ჯადოსნური ეტაპია, ვინაიდან ქალბატონ მაგდალენას გამარჯვებულთათვის ძვირფასი ინსტრუმენტები აქვს განკუთვნილი. ახლაც მისი ნაჩუქარი ინსტრუმენტით ვემსახურები ჩემს პროფესიას. კონკურსის გარდა, ფესტივალის ფარგლებში, ყოველდღიურად, მთელი დღის განმვალობაში ჩატარდება მასტერკლასები და რეპეტიციები. ვფიქრობ რომ კონცერტები სხვადასხვა ქალაქსა და სივრცეებში, რომლის შესაძლებლობასაც სწორედ ეს ფესტივალი იძლევა, დიდი სტიმულია მუსიკოსებისთვის”,- თქვა ელენე ვეფხვაძემ.

პირველი ფესტივალი, 2012 წელს, თბილისში ჩატარდა. შემდეგ იყო წალკა, წყალტუბო, თელავი და ბორჯომი. წლევანდელი ფესტივალი  საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გორის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერითა და  ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლისა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ხელშეწყობით განხორციელდება.

ფლეიტისტთა მე-7 ფესტივალი 24 ივლისს დასრულდება.

 

ლიკა მაჩხანელი


გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

ზესტაფონი ფესტივალებს ,,ზესტაფონქალაქობასა” და „სულიკო 2023“-ს მასპინძლობს

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

საქართველოში მე-15 საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი ,,ღამის სერენადები“ მიმდინარეობს

საქართველო ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

პოდკასტი