კულტურის კომიტეტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი, კულტურის კომიტეტს, დავით სონღულაშვილმა, ანტონ ობოლაშვილმა, ელგუჯა გოცირიძემ, ირმა ზავრადაშვილმა, ვასილ ჩიგოგიძემ, ნინო წილოსანმა, ბეჟან წაქაძემ, ლევან მგალობლიშვილმა და ეკა სეფაშვილმა წარუდგინეს.
პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განმარტებით, დოკუმენტი ტურიზმთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და ტურიზმის სფეროს მართვის ძირითადი კომპონენტების მოწესრიგებას ითვალისწინებს.
„კანონპროექტი განსაზღვრავს ტურისტული საქმიანობის სუბიექტებსა და მიმართულებებს, აწესრიგებს ტურისტულ საქმიანობას, განსაზღვრავს ტურისტის, როგორც მომხმარებლის უფლებებსა და გარანტიებს, ტურისტული მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობებს, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციებს და მოვალეობებს, ტურიზმის სფეროში კერძო და საჯარო თანამშრომლობის მექანიზმებს, ტურისტის უსაფრთხოებასა და ტურისტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, 1997 წელს მიღებული მოქმედი კანონი „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“, ვერ პასუხობს ტურიზმის სექტორში დღეს არსებულ გამოწვევებს. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია იმისათვის, რომ ტურისტული მომსახურების რეგულაციები შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის დირექტივებთან.
წარმოდგენილი ცვლილებებით, ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისთვის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. აქ მოიაზრება როგორც ტურ-ოპერატორები, ასევე გიდები, კომბინირებული სამოგზაურო მომსახურების გამწევი, ასევე მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობები. ამ უკანასკნელის შემთხვევაში კი შემოვა ცალკე მარეგულირებელი ნორმები, კერძოდ, სავალდებულო იქნება როგორც სამთო, ისე სათხილამურო და ალპური გამყოლის სერტიფიცირება.
ახალ კანონში, ტურისტული გიდებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც შემოვა. აღსანიშნავია, რომ მათთვის პროფესიული სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება. გიდების სერტიფიცირების სტიმულირებისთვის, ტურისტულ გიდს უფიციალური სამკერდე მოწმობა ექნება, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასცემს. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, გიდი გათავისუფლდება სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე შესვლის გადასახადისგან. ამასთან, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ადგილებში, ტურისტული გიდის მომსახურების განხორციელების უფლება მხოლოდ ოფიციალური სამკერდე მოწმობის მქონე პირებს ექნებათ.
აღნიშნული კანონი, ასევე, ტურისტული პაკეტისა და კომბინირებული ტურისტული მომსახურების რეგულირებასა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტებს ითვალისწინებს.