,,თბილისის თაფლის ფესტივალი 2023“- ის გახსნამდე ერთი დღე დარჩა
24-25 ივნისს, მთაწმინდის პარკი თბილისის თაფლის ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობას ქართული თაფლისა და ფუტკრის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები, მეფუტკრეთა ასოციაციები, მეფუტკრეობის აღჭურვილობისა და დანადგარების მიმწოდებლები, სკების მწარმოებლები, ვეტ აფთიაქები, ფიჭის მწარმოებლები, ბოტანიკური ბაღები და სანერგეები მიიღებენ.
თბილისის თაფლის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი დახლები, სადაც ვიზიტორებს შეეძლებათ დააგემოვნონ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი საუკეთესო თაფლი, დატესტონ მეფუტკრე ქალების მიერ დამზადებული ნატურალური კოსმეტიკური საშუალებები და დაათვალიერონ საქართველოში წარმოებული კლიმატის ცვლილებებზე ადაპტირებული სკები. ბოტანიკური ბაღები და სანერგეები კი თაფლოვან მცენარეებს გამოფენენ. ფესტივალზე იქნება საბავშვო გასართობი ღონისძიებებიც.
ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებაა. ორგანიზაცია , ამ ეტაპზე, მეფუტკრეთა ასოციაციასა და 22 კომპანიას აერთიანებს. საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება 650 მეფუტკრეს ითვლის, მათ შორის, 548 მეფუტკრე ქალია.
ფესტივალი 24 ივნისს, 14.00 საათზე გაიხსნება.
ლიკა მაჩხანელი