დაექვემდებარება თუ არა ელექტრო გაყვანილობებისა და ელექტრო დანადგარების მოწყობა-სამონტაჟო სამუშაოები ლიცენზირებას
ელექტრო გაყვანილობებისა და ელექტრო დანადგარების მოწყობა-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება, შესაძლოა, ლიცენზირებას დაექვემდებაროს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სახელმწიფო ენერგო ზედამხედველობის ორგანოს – სააგენტოს შექმნა, რომელიც ექსკლუზიურად შესაბამის იურიდიულ პირებზე ლიცენზიას გასცემს, უზრუნველყოფს შესაბამისი კადრების გადამზადება-სერტიფიცირებას, მოახდენს ელექტრული ქსელების ტექნიკურ შემოწმებას, გასცემს დასკვნას და განახორციელებს შესრულების მონიტორინგს. ამ ყველაფერს “ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ პროექტი და მისი თანმდევი საკანონმდებლო აქტები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
ამ ეტაპზე, დგინდება ლიცენზიისა და სერტიფიკატის მისაღებად საჭირო მოსაკრებელი. ლიცენზირების საფასური – 200 000 ლარი იქნება, ლიცენზიის მოქმედების ვადა კი 2 წელი. თითოეული ლიცენზირებული იურიდიული პირის მხრიდან აღნიშნული სალიცენზიო მოსაკრებელი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ გადაიხდება. სააგენტოს დაუდგინდება ვალდებულება ლიცენზირებული კომპანიების რეესტრის შექმნის, მათი საქმიანობის კონტროლის, პერიოდული შემოწმებისა და წესის შემუშავების თაობაზე.
განხორციელდება ცვლილებები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღების ნაწილშიც, რაც გამორიცხავს ამ ცვლილების ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილ ობიექტებში ამგვარი სამუშაოების წარმოებას, არალიცენზირებული კომპანიების მიერ.
გარდა ამისა, შემოღებული იქნება სერტიფიცირების წესი, რომლის თანახმად, კომპანიებში დასაქმებული პირები, ვინც უშუალოდ განახორციელებენ ელექტრო ტექნიკურ სამუშაოებს, ვალდებულნი იქნებიან, შესაბამისი გადამზადების შედეგად, უსაფრთხოების სერტიფიკატი მოიპოვონ.
პროექტის ინიციატორების განმარტებით, დღეს საქართველოში ელექტრო გაყვანილობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება შესაბამისი ლიცენზიისა და კვალიფიკაციის არმქონე სუბიექტების მიერ ხორციელდება, მთელ რიგ შემთხვევებში, ისეთი კადრების მეშვეობით, რომელთაც შესაბამისი კვალიფიკაცია და ცოდნა არ გააჩნიათ.
“არ არსებობს ელექტრული ქსელების მოწყობისა და ელექტროენერგეტიკული დანადგარების/მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო, რაც მნიშვნელოვანად ზრდის უბედური შემთხვევების, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის რისკებს”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.