“უკრაინამ პრაქტიკულად დაკარგა სუვერენიტეტი, ის აშშ-დან იმართება” – პუტინი “ბინძური ბომბის” გამოყენებაზე მიანიშნებს 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა იქცა ინსტრუმენტად აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში.

PHOTO: REUTERS რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისა და სპეციალური სამსახურების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე დელეგაციების ხელმძღვანელების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ პრაქტიკულად დაკარგა სუვერენიტეტი და ის აშშ-ს ხელში რუსეთის წინააღმდეგ “სასტიკ იარაღად” იქცა.

“რის მიღწევას ცდილობენ – ვინც ამას აკეთებს (დასავლეთი რედ.) – ჩვენ ვხედავთ უკრაინის მაგალითზე, ის იქცა ინსტრუმენტად აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში. ქვეყანამ პრაქტიკულად დაკარგა სუვერენიტეტი და პირდაპირ აშშ-დან იმართება”, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერი მიანიშნებს, რომ შტატები და მათი მოკავშირეები უარს არ ამბობენ ფერადი რევოლუციების მოწყობის მცდელობაზე, აღვივებენ ექსტრემისტულ და ნაციონალისტურ განწყობებს.

“ეს მოქმედებები პირდაპირ დსთ-ს ქვეყნებს ემუქრება”, – აცხადებს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები იყენებს უკრაინას „როგორც სასტიკ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ, ბელორუსის რესპუბლიკის, როგორც რუსეთის საკავშირო სახელმწიფოს წინააღმდეგ და მთლიანად “კოლექტიური უსაფრთხოებისა და დიალოგის ორგანიზაციისა” და დსთ-ს წინააღმდეგ“.

მისივე თქმით, დასავლეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.

„უკრაინის ტერიტორია სამხედრო ბიოლოგიური ექსპერიმენტების საცდელ ადგილად გადაიქცა და ახლა ის იკვებება იარაღით, მათ შორის მძიმე იარაღით. უყურადღებოდ არ რჩება კიევის რეჟიმის სურვილი შეიძინოს ბირთვული იარაღი“, – განმარტა პუტინმა.

მისი თქმით, მოსკოვისთვის, ასევე, ცნობილია პროვოკაციული გეგმების შესახებ, გამოიყენონ ე.წ “ბინძური ბომბი”.

რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული დაპირისპირება 24 თებერვალს დაიწყო.  ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მისი საბოლოო მიზანია დონბასის გათავისუფლება და ისეთი პირობების შექმნა, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების გარანტი იქნება.