ვინ არის ფრანგი მოცურავე, რომელმაც 51 საათზე მეტი შეუჩერებლად იცურა
პირველად მსოფლიოში, ისტორიულ წარმატებას ფრანგმა მოცურავემ სტივ სტივენარტმა მიაღწია. 46 წლის სპორტსმენმა, რომელსაც მეტსახელად “სტივი სელაპს” ეძახიან, კალიფორნიის სანაპიროდან კატალინას კუნძულამდე მანძილი ცურვით 3-ჯერ გაუჩერებლად გადაცურა. სტივ სტივენარტმა არხი 51 საათში და 18 წუთში დაფარა. კატალინას არხის სამჯერ გადაკვეთისას, სპორტსმენს თან ახლდა დაახლოებით 15ადამიანი, რომლებიც, ამ დროის განმავლობაში, გვერდიდან არ შორდებოდნენ.
სტივ სტივენარტი, ამ სირთულის გადასალახად , განსაკუთრებულად ემზადებოდა. მოცურავემ წინასწარ სპეციალური დიეტა დაიცვა, რომელიც დიდი რაოდენობით ცხიმიანი თევზისგან შედგებოდა. მისი თქმით, ამ დიეტის დახმარებით, მან ორგანიზმში ცხიმის მარაგი შექმნა, რომელიც ცივ წყალში ცურვისას დაეხმარა. მან, ასევე, ცურვის წინ სხეული ვაზელინით დაიფარა, რაც მის სხეულზე წყლის ხახუნის ძალას საგრძნობლად ამცირებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოცურავეს, მთელი მოგზაურობის განმავლობაში, ზურგის ტკივილი აწუხებდა, იმ დონემდე, რომ პირველი გადაკვეთის დასრულებისას დანებებასაც კი აპირებდა.
,,მე არ ვაპირებ ასე ცურვას კიდევ 20 საათი“-ამბობდა იგი პირველი გადაკვეთის შემდეგ, თუმცა მაინც გაუძლო და, საბოლოოდ, ცურვა წარმატებით დაასრულა.
,,ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავასრულე ეს სამი გზა. ეს დიდი მიღწევაა. მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს, რადგან, მათ გარეშე აშკარაა, რომ ამას ვერასდროს შევძლებდი. დასასრული ძალიან რთული სამართავი იყო. პირი სულ დაბერილი მქონდა და სუნთქვა აღარ შემეძლო. “, – აღნიშნა სტივ სტივენარტმა ცურვის დასრულების შემდეგ.
46 წლის სპორტსმენმა, როგორც ღია წყალში მოცურავემ, წინა წლებში რამდენიმე წარმატებას უკვე მიაღწია.
ლიკა მაჩხანელი