უამინდობა საქართველოში- ძლიერმა წვიმამ სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონის მაცხოვრებლებს პრობლემები შეუქმნა.  სამეგრელოში ადიდებული მდინარეები და ღელეები კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც  ეზოები და სახნავ – სათესი სავარგულები დაიტბორა, შინაური ფრინველები კი დაიხოცა. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. განსაკუთრებით რთული ვითარებაა აბაშის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში. ამ დროისთვის, სოფლების ნაწილს არც ელექტროენერგია მიეწოდება.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში აუცილებელი გახდა რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია. ისინი დროებით საცხოვრებელში გადაიყვანეს. ადგილობრივების თქმით, ეს პრობლემა ყოველი ძლიერი წვიმის დროს დგება, ამიტომ აუცილებელია დამბის გამაგრება.

„ქარიატაში რამდენიმე ოჯახი დაიტბორა დღევანდელი სტიქიის შედეგად. ასეთი მდგომარეობა ხშირად არის. მდინარე რომ ადიდდება, კალაპოტიდან გადმოდის. ადგილობრივი ხელისუფლება კი არის ჩართული, მაგრამ სტიქიას წინ ვერავინ აღუდგება. ცენტრალური ხელისუფლება ამაზე არ ფიქრობს და მოსახლეობა რა დღეშია, კი ხედავთ. ამას დროული ყურადღება სჭირდება. თუ ასე გაგრძელდა წვიმა, უარეს შედეგს მივიღებთ, რადგან მდინარეს კალაპოტი უკვე შეცვლილი აქვს“, – აღნიშნა სოფელ ქარიატის მკვიდრმა გურიელ ქარდავამ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხობის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა ღელემ, რკინიგზის გასასვლელთან, მანქანა გაიტაცა. ავტომობილის მძღოლი მსუბუქი დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რაც შეეხება იმერეთის რეგიონს, სტიქიის შედეგად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და სათავსოები დაიტბორა. ადგილობრივების თქმით, მათ დაუზიანდათ ტექნიკა, ავეჯი და პროდუქტი, წყალმა დახოცა შინაური ფრინველი და გაანადგურა სახნავ-სათესი სავარგულები. მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა და დახმარებას ითხოვს.

„მთელი ღამე წვიმდა, დილით წყალი მოვარდა, რამაც სახლებისა და სათავსოების დატბორვა გამოიწვია. სახლებში ვერ შევდივართ. განადგურდა ტექნიკა და ავეჯი, დაიხოცა ფრინველი, პირუტყვის გამოყვანაც  ვერ მოვასწარით, მოსავალი კი  განადგურდა. ადგილობრივი ხელისუფლება იყო მოსული, მაგრამ წყლის დაკლებას ელოდებიან, რომ გაწმენდითი სამუშაოები დაიწყოს”, – აცხადებენ ადგილობრივები.

გვიან ღამით, წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა ქუთაისის აეროპორტშიც, რის გამოც, რამდენიმე საათით, ფრენები გადაიდო. ამ დროისთვის, აეროპორტში პრობლემები აღმოფხვრილია.


შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გურიის სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთ ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ

სახელმწიფო დასეტყვილ და დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს

უხვი ნალექის შედეგად, გლდანში ერთი ოჯახი დაზარალდა

პოდკასტი