“ამერიკული ოცნების” პარალელურად კატასტროფული დემოგრაფიული ფონი

პროგრამა ,,მწვანე ბარათზე” რეგისტრაცია დაიწყო.
ამერიკაში წასასვლელად ერთ-ერთი ლეგალური გზა “მწვანე ბარათის” მოგებაა. ბოლო 10 წელიწადში “მწვანე ბარათის” გათამაშებაში ბედი საქართველოდან თითქმის მილიონმა ადამიანმა სცადა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2011 წელს საქართველოდან დარეგისტრირდა 39 253 ადამიანი, ხოლო გასულ წელს 112, 464 ადამიანი. 2011-2021 წლებში მსურველთა რიცხვი თითქმის გასამმაგდა.

მაშინ როდესაც, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, ქვეყანაში ფასების მუდმივი ზრდა ფიქსირდება – პროდუქტებზე, ტრანსპორტზე, მედიკამენტებზე, ელექტროენერგიაზე, წყალზე და ფასების ზრდის მიუხედავად, ხელფასები იგივე რჩება, ადამიანი მომავლის იმედს კარგავს და იძულებული ხდება სხვა ქვეყანაში გადაიხვეწოს.

როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, დღეს ქვეყანას ახალგაზრდები ტოვებენ. ურჩევნიათ სხვა ქვეყანაში იმუშაონ, იშოვონ ფული და შეიქმნან უზრუნველი მომავალი, რადგან საქართველოში ამას ვერ ახერხებენ. ამ დროს, ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემა ჩნდება – ,, ტვინების გადინება”. მაშინ, როდესაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ბიზნესში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაზე წუხს, ქვეყანას კვალიფიციური კადრები ტოვებენ.

უმაღლესი განათლების სისტემის გაუმართაობა, უმუშევრობა, ინფლაცია, ნეპოტიზმი და კორუფცია, ეს იმ მიზეზების მცირე ჩამონათვალია, რის გამოც მოქალაქეები სამშობლოს ტოვებენ.

ლელა დევდარიანი