2 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ანგარიშზე 20-ზე მეტი მედალია

26 ივლისიდან, ბუქარესტში სტარტი აიღო U20 და U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატმა, სადაც საქართველოს ნაკრები 23 კაციანი შემადგენლობით ასპარეზობს. ძალოსანთა ნაწილმა უკვე  წარმატებით იასპარეზა და  სამშობლოში მედლებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფედერაციის წარმომადგენლები, გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

რამდენიმე მათგანის წარმატების შესახებ მედია სააგენტო ,,24“ მა ინფორმაცია უკვე მოგაწოდათ. ამ ეტაპზე, ქართველ ჩემპიონთა ასპარეზობის შედეგები ასე გამოიყურება:

ბუქარესტში მიმდინარე 20-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, გიგა ოდიკაძემ (61 კგ) ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა,  112/115/117 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა, აკვრაში კი  133 კილოგრამის დაძლევა მოახერხა და მეექვსე ადგილზე გავიდა. ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 250 კილოგრამი მოაგროვა და საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა.

გურამ გიორბელიძემ (67 კგ.) საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, ბრწყინვალედ იასპარეზა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა. ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა – 122 / 125 / 129 კგ. წარმატებით დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში დაძლეული 151 / 157 / 161 კილოგრამითაც, მან ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. ასევე უმაღლესი სინჯის მედალი დაისაკუთრა ორჭიდში მოგროვილი 290 კილოგრამითაც.

73 კგ. წონით კატეგორიაში კი კახი ასანიძემ და არჩილ მალაყმაძემ იასპარეზეს.

კახი ასანიძემ ატაცში 144/148/151 კილოგრამი, აკვრაში კი 174 და 178  კგ დაძლია. ქართველმა ძალოსანმა, ასევე, ორჭიდში მოგროვილი 329 კილოგრამით, ვერცხლის მედალი მოიპოვა.

არჩილ მალაყმაძემ ატაცში 142/146/150 კილოგრამს გაართვა თავი, აკვრაში  კი 168 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალი ერგო. ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 318 კილოგრამი მოაგროვა, რაც ასევე ბრინჯაოს მედლის მომტანი გახდა.

საბოლოოდ, კახი ასანიძემ 3 ვერცხლის, არჩილ მალაყმაძემ კი ბრინჯაოს 3 მედალი მოიპოვა.

მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით იასპარეზეს გიორგი ხარაზიშვილმა და საბა აბაშიძემ.

გიორგი ხარაზიშვილმა ატაცში თავი 130 / 134 კილოგრამს გაართვა და მე-6 ადგილზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში 163 / 168 / 171 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ორჭიდში მოგროვილი 305 კილოგრამით კი მე-5 ადგილზე გავიდა.

საბა აბაშიძისთვის ევროპის ჩემპიონატი სადებიუტო იყო. ძალოსანმა ატაცში 132 / 137 / 139 კგ. დაძლია და მე-4 საფეხურზე გავიდა. ძალოსანს საპრიზო ადგილამდე სულ რაღაც 1 კგ. დააკლდა. აკვრაში კი აბაშიძემ საწყისი წონა ვერ დაძლია.

მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით წარმატებით იასპარეზეს საბა ასანიძემ და ნიკოლოზ ესართიამაც.

საბა ასანიძემ ატაცში სამივე ცდა 141 / 144 / 147 კგ. წარმატებით გამოიყენა, ოქროს მედალი მოიპოვა და ატაცში ჩემპიონობა იზეიმა. ძალოსანმა აკვრაში 175 / 180 კგ. დაძლია და კვლავ ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ასევე უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 327 კილოგრამითაც.

ნიკა ესართიამ კი, 138 / 142 კილოგრამის წარმატებით დაძლევის შედეგად,  ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო და ვიცე-ჩემპიონის ტიტული გაიფორმა. ძალოსანმა აკვრაში 168 კგ. დაძლია  და მე-6 ადგილზე გავიდა, ორჭიდში მოგროვილი 310 კილოგრამით კი იგი მე-4 საფეხურზეა.

ზურაბ მსხალაძის ანგარიშზე 1 ბრინჯაოს და 2 ვერცხლის მედალია. ძალოსანმა ატაცში 144 / 149 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ზურაბ მსხალაძემ აკვრაში თავი 180 / 185 / 190 კილოგრამს გაართვა და მოპოვებული ვერცხლის მედლით ვიცე-ჩემპიონის ტიტული გაიფორმა. ასევე ვერცხლის მედალს დაეუფლა ორჭიდში მოგროვილი 339 კილოგრამითაც.

ძალოსანმა ნათია გადელიამ 3 ოქროს მედალი მოიპოვა. სპორტსმენმა კონტინენტის პირველობის ატაცში 93 / 96 კილოგრამი, აკვრაში კი 116 / 120 / 123 კგ. დაძლია. ნათია გადელია ორჭიდში მოგროვილი 219 კილოგრამითაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

გერვასი თაბაგარი ევროპის ჩემპიონი, თორნიკე ლომთაძე კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. თაბაგარმა 1 ბრინჯაოსა და 2 ოქროს მედალი მოიპოვა, ლომთაძემ კი 1 ვერცხლი.

გერვასი თაბაგარმა ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და დაძლეული 143 / 147 / 151 კილოგრამით ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ძალოსანმა აკვრაში თავი 182 / 188 / 192 კილოგრამს გაართვა, ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონობა იზეიმა.  ასევე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა ორჭიდში მოგროვილი 343 კილოგრამითაც.

თორნიკე ლომთაძემ ატაცში 134 / 138 / 141 კგ. დაძლია და მე-6 ადგილზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 177 / 183 / 186 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული გაიფორმა. ორჭიდში მოგროვილი 327 კილოგრამით კი იგი მეხუთე ადგილზეა.

ქართველი ძალოსანი ირაკლი გობეჯიშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. სპორტსმენმა 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ძალოსანმა ატაცში 161 კგ. დაძლია, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა. გობეჯიშვილმა აკვრაში თავი 185 / 192 / 196 კილოგრამს გაართვა და კვლავ ვერცხლის მედალს დაეუფლა. იგივე სინჯის მედალი ერგო ორჭიდში მოგროვილი 357 კილოგრამითაც.

ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გოგონათა შორის 87კგ, წონით კატეგორიაში, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით მარიამ მურღვლიანმა ბრწყინვალედ იასპარეზა. ძალოსანმა ოქროს 3 მედალი მოიპოვა. მან ატაცში 95 / 100 / 102 კგ. დაძლია, ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, აკვრაში კი 118 / 123 / 127 კილოგრამს გაართვა თავი, რაც ასევე ოქროს მედლის მომტანი გახდა. ორჭიდში მოგროვილი 229 კილოგრამით მარიამ მურღვლიანი კვლავ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დაგდა.

საბოლოოდ,  საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრებმა ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ტრიუმფალურად დაასრულა. შეჯიბრზე მოასპარეზე 3 გოგონადან სამივე ჩემპიონი გახდა. მათ უმაღლესი სინჯის – 8 ოქროს მედალი მოიპოვეს.

ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით გურამ ვეკუამ 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ძალოსანმა ატაცში 151 / 156 / 159 კგ. დაძლია, აკვრაში  კი 189 / 193 / 200 კილოგრამს გაართვა თავი.  იგივე სინჯის მედალი ერგო ორჭიდში მოგროვილი 359 კილოგრამითაც.

გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით იასპარეზა ლუკა ქაშიბაძემ და 2ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა. ძალოსანმა ატაცში 144 / 148 / 151 კგ. დაძლია, აკვრაში  183 / 191 კილოგრამს გაართვა თავი და მე-5 ადგილზე გავიდა. იგივე საფეხური ერგო ორჭიდში მოგროვილი 342 კილოგრამითაც.

მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით იასპარეზა გიორგი კირვალიძემაც, რომელმაც  ატაცში 157 / 161 / 165 კგ. დაძლია, ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ევროპის ჩემპიონის ტიტულიც გაიფორმა. ძალოსანმა აკვრაში  188 / 193 კილოგრამს გაართვა თავიდა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კირვალიძემ ორჭიდში მოგროვილი 358 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალს დაეუფლა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

შეგახსენებთ, რომ, ამ დროისთვის, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ანგარიშზე 20-ზე მეტი მედალია.


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი