ქართველი ძალოსნები 51 მედლით დაბრუნდნენ
ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით გახსნეს და საქართველოს ჰიმნითვე დახურეს.
საქართველოს U20 და U23 ძალოსანთა ნაკრები ბუქარესტში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 51 მედლით მკერდდამშვენებული დაბრუნდა. ტრიუმფატორებს აეროპორტში ფედერაციის წარმომადგენლები, გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.
ორივე ასაკობრივი ნაკრები გუნდურ ჩათვლაშიც ლიდერები გახდნენ.
U23 გუნდური პირველი ადგილი
U20 გუნდური მეორე ადგილი
U20 გოგონები პირველი ადგილი
აღსანიშნავია, რომ გოგონათა ნაკრებმა, მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით, ისტორიულ შედეგს მიაღწიეს. მარიამ მაისურაძემ, მარიამ მურღვლიანმა და ნათია გადელიამ ოქროს მედლები მოიპოვეს და ჩემპიონობა იზეიმეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს გოგონათა ნაკრები გუნდურ ჩათვლაშიც ლიდერი გახდა.
ბრწყინვალედ იასპარეზეს 23 წლამდელებმაც. ნაკრების წევრებმა, მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველობა არავის დაუთმეს. ძალოსნებმა 7 ოქროს, 7 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს.
ასევე ბრწყინვალედ იასპარეზეს იუნიორებმაც. U20 ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით, ნაკრებმა 7 ოქროს, 8 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.