შოვში, სამძებრო – სამაშველო სამუშაოებში ჩართული სამხედრო გარდაიცვალა
შოვში, სამძებრო – სამაშველო სამუშაოებში ჩართული სამხედრო, 50 წლის თემურ ხარჩილავა, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი იყო.
“2023 წლის 29 აგვისტოს, სასწავლო ცენტრი “სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა”,- წერია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
7 აგვისტოს, სტიქიის ზონაში, სამაშველო საქმიანობაში ჩართული კიდევ ერთი ადამიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, მირიან ჭელიძე გარდაიცვალა.
შოვში, სამძებრო- სამაშველო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 29 აგვისტოს მონაცემებით, 31 ადამიანის ცხედარი ნაპოვნია, ორს კი ამ დრომდე ეძებენ.