გურიის სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთ ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ

სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა ორი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს, ერთი მოზარდის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.

8 სექტემბერს, ღამის საათებში, გურიის მხარესა და აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვია.

ძლიერი ნალექის შედეგად, გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები და ჩამოშლილია მიწის მასები.

გურიის რეგიონში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ყველა შესაბამისი სამსახური აქტიურად ჩაერთო. პროცესების განვითარებიდან უმოკლეს დროში, სტიქიის ზონაში, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები და ტექნიკა მობილიზდა. ადგილზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი  თემურ მღებრიშვილი და სამსახურის სხვა ხელმძღვანელი პირებიც ჩავიდნენ.

ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე  11 მოქალაქეა გადაყვანილი, ასევე, სოფელი ჯუმათიდან ერთი მოქალაქე, ხოლო სოფელი სუფსიდან 9 მოქალაქეა გამოყვანილი, რომელთაგან 7 ბავშვია. მაშველებმა მდინარე სუფსიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეც ამოიყვანეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, მოქალაქე, რომელიც სოფელ სუფსაში გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე იყო ასული, უკვე უსაფრთხო ადგილზეა.

„უხვი ნალექისგან მეწყრული პროცესებია განვითარებული და სოფლებში უბნებია მოწყვეტილი. მუშაობს ტექნიკა, რომ ყველგან გზა გავიდეს. გარდა ამისა, უხვი ნალექის შედეგად, მცირე ხიდებზე წყალია გადმოსული. თითქმის, ყველა სოფელში იყო უხვი ნალექი, რის გამოც, სხვადასხვა ტიპის დაზიანებებია. რწმუნებულები ყველგან გასულები არიან და მუშაობს ცხელი ხაზიც. ამ ეტაპზე, მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილნი, ასეთი რამდენიმე ოჯახია“, – განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

სოფელ სუფსაში, ლანჩხუთის მერის წარმომადგენელის დავით გუმბარიძის ინფორმაციით, ძლიერი ნალექის შედეგად, მდინარემ  კალაპოტი დატოვა და გადმოდის, რაც სოფლებში მძიმე სიტუაციას ქმნის.

,, სამაშველო სამსახური, შეძლებისდაგვარად, მუშაობს, ჩვენც ჩართულები ვართ და  გვეხმარება პოლიციაც. მოქალაქეები იმ სახლებიდან გამოგვყავს, სადაც არ არის მეორე სართული და პირველი სართული დაბალია. აქტიურად გვეხმარებიან ადგილობრივებიც, ხალხი ნავებით გამოჰყავთ. ვინც დასახმარებლად გვირეკავს, არავინ გვრჩება უყურადღებოდ. წვიმა გრძელდება, მატულობს წყლის დონე და თუ ასე გაგრძელდა, არ ვიცი რა გვეშველება“,- აცხადებს დავით გუმბარიძე.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, იმერეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მყოფი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელი შეტყობინებები ეტაპობრივად იგზავნება “, – ნათქვამის შსს-ს განცხადებაში.


სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სახელმწიფო დასეტყვილ და დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს

უხვი ნალექის შედეგად, გლდანში ერთი ოჯახი დაზარალდა

პოდკასტი