საქართველოში პირველად, დაცული ტერიტორიების შესახებ საერთაშორისო სამიტი გაიმართება
7-9 ნოემბერს, საქართველოში პირველად, პირველი საერთაშორისო სამიტი, სახელწოდებით „ეროვნული პარკებისა და ველური ბუნების დაცვა ევრაზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში“ ჩატარდება. სამიტის მიზანია ეროვნული პარკების საერთაშორისოდ აღიარებული, წარმატებული მართვის პრაქტიკასთან გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკების წარმომადგენლები აშშ-დან, გერმანიიდან, შვედეთიდან, რუმინეთიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და კორეის რესპუბლიკიდან მიიღებენ. მოწვეული სტუმრები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებიან, როგორიცაა: ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელები, ეროვნულ პარკებში არსებული ტექნოლოგიები და სისტემები და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზები.
სამიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ფონდის Global Conservation მხარდაჭერითა და რამდენიმე ფონდის: კავკასიის ბუნების ფონდის, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ზუკოვის ფონდისა (Succow Stiftung) და GIZ-ის თანადაფინანსებით განხორციელდება. ღონისძიების პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული პარკების სამსახურის (US National Park Service) „საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამა“ (USDOI-ITAP).